უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) იმყოფება. ვიზიტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები TUM-ის პრეზიდენტთან, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებთან, სკოლების და პროგრამების ხელმძღვანელებთან. KIU-ს დელეგაცია ასევე შეხვედრებს გამართავს ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, KIU-ს კანცლერი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი.
მიუნხენში დაგეგმილ შეხვედრებს ასევე დაესწრება საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ "ქართუს" წარმომადგენლები ეწვევიან სამეცნიერო კვლევით ცენტრებს, დაათვალიერებენ ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერული მეცნიერების ცენტრს. მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება გარხინგის კამპუსში, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში.
TUM-ი, როგორც KIU-ს სტრატეგიული პარტნიორი, უნივერსიტეტის დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული ყველა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროცესის მართვაში. მათ შორის სასწავლო კურსების ინიცირებაში, სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ზედამხედველობასა და მაღალი აკადემიური სტანდარტების დანერგვაში.