ქირურგმა პაციენტს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვა - 2 წლის განმავლობაში დაზარალებულს ვერც ტკივილების მიზეზი დაუდგინეს და ვერც მეტალის ნივთი აღმოუჩინეს

ოპერაცია

ექიმმა პაციენტს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვა. ამ დაუჯერებელ ამბავს, 32 წლის დაზარალებული ჰყავს. კოშმარი ნანა ბოჭორიშვილის ცხოვრებაში 2 წლის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც პაციენტმა, თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ელენთის ოპერაცია გაიკეთა.

სახლში გაწერის შემდეგ ტკივილები დაიწყო, თუმცა ექიმებმა ახალგაზრდა ქალს 2 წლის განმავლობაში ვერც ტკივილების მიზეზი და ვერც 20 სანტიმეტრიანი მაკრატელი აღმოუჩინეს. საბოლოოდ კი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვა კლინიკაში გადაიყვანა!

კადრები, რომელიც "კურიერი P.S."-მა მოიპოვა, შოკისმომგვრელია! ჩანს როგორ ამოაქვთ ექიმებს 2 წლის შემდეგ სამედიცინო ინსტრუმენტი ახალგაზრდა ქალის მუცლიდან. დაზარალებული პაციენტი ქირურგს უჩივის. ფაქტი ექიმისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ქირურგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი რამ ხდება.

"სწორედ ამიტომ სამედიცინო ინსტრუმენტი, სპეციალურად ისეთი მეტალით მზადდება, რომელიც ადამიანის ორგანიზმთან თავსებადია". - ასე ცდილობს თავის გამართლებას ექიმი, რომელსაც პაციენტის მუცელში მაკრატელი ჩარჩა.

არადა სამედიცინო პროტოკოლი, ასეთი შემთხვევბისგან თავის დაზღვევის მიზნით, სამედიცონო პერსონალს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ გამოყენებული ინსტრუმენტების გადათვლას და აღწერას ავალდებულებს, თუმცა როგორც ჩანს, ზოგი ასე არ იქცევა.

მუცლით 2 წელი რომ მეტალის მომჭერს ატარებდა, პაციენტმა ახლახანს გაიგო, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობა სერიოზულად გაუუარესდა. 2 წლის წინ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ჰქონდა ჩივილები, ხშირად მაღალი ტემპერატურა და მუცლის ტკივილი.

როგორც თავად ჰყვება, სიტუაცია უარესდებოდა და 32 წლის მარტოხელა დედა ერთი თვის წინ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში შეიყვანა.

კლინიკამ პაციენტის დაუჯერებელი მდგომარეობა გადაიღო. კადრებში ჩანს როგორ ამოაქვს სამედიცინო ინსტრუმენტი ექიმებს პაციენტის მუცლის ღრუდან.

ქირურგი P.S-თან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის. პაატა ჩაფიძე თავდაპირველად ჩატარებულ წარმატებულ ოპერაციაზე და მსგავსი შემთხვევების მსოფლიო სტატისტიკაზე საუბრობს.

პაციენტისგან განსხვავებით, ექიმი ოპერაციიდან 2 წლის შემდეგ, განვითარებულ თრომბოზებს მუცლის ღრუში ჩატოვებულ მეტალის ინსტრუმენტს ვერ უკავშირებს.

პაციენტისთვის მუცლის ღრუში ჩატოვებული სამედიცინო ინსტრუმენტის საქმეს უკვე სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. ახლა უწყების ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს იკვეთება თუ არა ექიმის ბრალეულობა.