პროექტი ,,ჩვენი ჯარი” უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელდა

პროექტი ჯარი

პროექტმა ,,ჩვენი ჯარი“, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 1301 საჯარო სკოლა მოიცვა, ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება. “ჩვენი ჯარის” პროექტი უმაღლეს სასწავლებლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუდენტებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და თემატურად შერჩეული ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაცია ჩაუტარეს. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების უმეტესობა სერჟანტთა აკადემიითა და ტერიტორიული რეზერვის პროგრამით დაინტერესდა. ასევე, მათ არაერთი კითხვა დასვეს თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.