„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი მეცნიერების განსაკუთრებულ ღვაწლს და ქართული განათლებისა და მეცნიერების ხანგრძლივ ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება.
"მეცნიერებათა აკადემიის დასაფუძნებლად მყარი ნიადაგი ჩვენი ქვეყნის მდიდარმა ისტორიამ შექმნა, თუმცა აკადემიის დაფუძნების უშუალო წინაპირობად, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იქცა. პირველმა ქართულმა უნივერსიტეტმა გზა გაუხსნა სამეცნიერო დარგების ჩამოყალიბებას, რომელთა შემდგომი აღმავლობა სწორედ მეცნიერებათა აკადემიის წიაღში გაგრძელდა. დაარსებისთანავე, მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლებიდან, აკადემია აქტიურად ჩაერთო საქართველოში მეცნიერების განვითარების საქმეში. განვლილი ათწლეულების განმავლობაში, აკადემიკოსებისა და სხვა მეცნიერების ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნა ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში. შეუცვლელია აკადემიის როლი სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესშიც. თანამედროვე გლობალური პოლიტიკური, კულტურული და სოციალური გამოწვევების ფონზე, ძლიერ მეცნიერებას ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას მეცნიერთა გამოცდილება და დასკვნები ჩვენთვის, თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანესი არგუმენტია. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებათა აკადემია და ჩვენი თითოეული მეცნიერი კვლავაც მზად არის, ღირსეულად უპასუხოს ახალი დროის გამოწვევებს და მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ მომავალშიც გავაღრმავებთ თანამშრომლობას და ხელს შევუწყობთ აკადემიის გაძლიერებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას 85 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მეცნიერებს პატრიარქის მისალოცი გზავნილი გააცნო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
საიუბილეო სხდომაზე, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ისა ჰაბიბეილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი და ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.