ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული როლანდ აჟიბას ჩართულობით აჭარაში „აფხაზური კულტურის ცენტრი“ იხსნება

აჭარაში „აფხაზური კულტურის ცენტრი“ იხსნება

აჭარაში „აფხაზური კულტურის ცენტრის“ გახსნა იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა ხვალისთვის“ და ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოების გავლენიანი წარმომადგენლის, როლანდ აჟიბას ინიციატივით მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.  როგორც როლანდ აჟიბა აცხადებს „აფხაზური კულტურის ცენტრის“ გახსნი იდეა საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს.

„ძალიან კარგი იდეაა აფხაზური კულტურის ცენტრის შექმნა. ღმერთმა ქნას რომ ეს იდეა განხორციელდეს და ცენტრმა ფუნქციონირება შეძლოს. დიდი ხანია ამ ცენტრის შექმნის სურვილი არსებობს თუმცა სხვადასხვა შემაფერხებელი მიზეზების გამო არ გამოდიოდა. ახლა სწორედ ამ თემაზე მსჯელობისთვის შევიკრიბეთ. ღვთის შეწევნით ოცნება პრაქტიკულად სრულდება, როდესაც ცენტრი გაიხსნება ამ ფაქტს უფრო ფართო მასებში აღვნიშნავთ. მე ვიცი რომ აჭარაში ძალიან ბევრი აფხაზი ცხოვრობს. არ მინდა რომ ისინი უბრალოდ არსებობდნენ. მინდა განვითარდნენ, ჰქონდეთ იდეები და პროექტები რომელთაც ერთობლივად განვახორციელებთ“- აცხადებს აჟიბა.

ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და იდეის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. როგორც „აფხაზური კულტურის ცენტრის“ შექმნის ინიციატორები აცხადებენ  შეხვედრაზე კონკრეტული ინიციატივები იქნა გაჟღერებული. „აფხაზური კულტურის ცენტრის“ მიზანი აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა და ერთობლივი სამშვიდობო ღონისძიებების ჩატარება იქნება.