ნუკრი დეკანაძე: მუნიციპალიტეტი მაქსიმუმს აკეთებს, რათა ბათუმის მოსახლეობას რაიმე არსებითი სახის პრობლემა არ შეექმნას

ნუკრი დეკანაძე

შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა ბათუმის მოსახლეობას რაიმე არსებითი სახის პრობლემა არ შეექმნას. ხვალისთვის იგეგმება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის აღდგენა, - განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ.

„უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ტროტუარების გაწმენდითი სამუშაოები და ცენტრალურ ნაწილში ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მუნიციპალიტეტის ყველა ორგანიზაცია. ხვალისთვის იგეგმება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის აღდგენა. იყო გარკვეული პრობლემები გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით მცირე ნაწილში, თუმცა დღეის მდგომარეობით სრულად მიეწოდებათ როგორც გაზი, ასევე ელექტროენერგია. ასევე გუშინ დაზიანება იყო ცენტრალური წყალმომარაგების მილის და იგი გუშინვე აღადგინეს. მუნიციპალიტეტი მაქსიმუმს აკეთებს, რომ ქალაქის მოსახლეობას რაიმე არსებითი სახის პრობლემა არ შეექმნას“, - განაცხადა დეკანაძემ.

ბათუმში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. მაშველებმა ორი მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. მათ გაეწიათ ყველანაირი დახმარება. სტიქიისგან დაზარალებული ათამდე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.