ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ანა ლაშხელი-ონიანის სახელი სოციალურ ქსელში, ალბათ, ერთხელ მაინც ყველა თქვენგანს შეხვედრია. სახელი თუ არა, მისი ლექსები და ჩანაწერები მაინც გექნებათ ოდესმე წაკითხული. მისი გარდაცვალების ამბავმა 2018 წელს ყველას ყურსა და გულამდე მიაღწია - 32 წლის მწერალი მძიმე სენმა დაამარცხა.
ეს არის მისი წერილი ქალებისთვის, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა:
"ნურასოდეს იტყვით, რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ. რომ ნევროზი გაგიჩინათ ცხოვრებამ. მაინც არავის შეეცოდებით და საკუთარი თავის წინაშე მაინც მარტონი იქნებით. ნურასოდეს წაიქცევით სხვის დასანახად; ნუ ჩაიცვამთ შავ კაბას, როცა სამყარო ფერადია. ვინც თქვენგან მიდის, მას დაბრუნების რცხვენია და ამიტომ ხართ მარტო. ვინც არ იმსახურებს თქვენს ცრემლებს, დასაჯეთ, უყურონ თქვენს სიცილს. ვინც ბედნიერებას ვერ განიჭებთ, ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად, რომ მას შესწიროთ ცხოვრება. ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს. ვინც გულს გტკენთ, ისინი გაძლიერებენ.
ნუ იცხოვრებთ ისე, რომ სარკეში თქვენ ნაცვლად სხვა ქალის დანახვა გენატრებოდეთ. ყოველთვის იყავით ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ. ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას, გააუთოონ თქვენი ოცნებები. ნურც სამზარეულოს მეკვლე გახდებით ყოველ დილას. წაჰყევით თქვენს შვილებს ფეხბურთის სათამაშოდ, ტყეში, მტრედების სანახავად... მიჰყევით მათ ნაბიჯებს და იცინეთ... ბევრი იცინეთ, რომ დედები ხართ. ნუ დაკარგავთ საკუთარი თავისკენ მიმავალ გზას... იყავით თავისუფლები, ლაღები, ლამაზები. ფერადკაბიანები. ჩაიცვით ბევრი კარგი ხასიათი და მოირგეთ თქვენი თავი. კაცები, რომლებიც ქალებს ტოვებენ, ისევ ქალებთან გარბიან. ქალებთან, რომლებმაც თქვენზე უკეთ გაიგეს საკუთარი თავის ფასი...
ნუ იქნებით მარტო დედები... ან მარტო ქალები... იყავით ბევრი და მრავალფეროვანი. შექმენით საკუთარი თავი საკუთარი იდეალების მიხედვით. არასოდეს აპატიოთ ერთის მეტად. არასოდეს შეიყვაროთ თავზე მეტად. მშვიდად დადექით სარკის წინ და თქვენს თავს ესაუბრეთ... ესაუბრეთ, რომ ყველაზე ძლიერი ხართ და ყველაფერი კარგი წინაა.
დიახ, თქვენ ზუსტად ის ქალი ხართ, კაცს რომ ოცნება ასწავლეთ... სიცოცხლე შეაყვარეთ და შვილები აჩუქეთ. თუ ის ამ ყველაფერს კარგავს, მიეცით საშუალება, იცხოვროს საკუთარ სიბნელეში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გვირაბის ბოლო გვირაბის დასაწყისიცაა...და თუ ოდესმე თავს უფლებას მისცემთ ტირილის, იტირეთ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი პატარები კისერზე გეხუტებიან და გეუბნებიან " დედა, მიყვარხარ"..." - წერდა ანა ლაშხელი-ონიანი.