„ნატუკ, მოხვედი, მაო, დამიძახა... ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა - რა საჩუქარი მიიღო მამის გარდაცვალების შემდეგ ნატალია გომიაშვილმა

misha gomiashvili

მსახიობი მიშა გომიაშვილი საზოგადოებაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. მისი მოულოდნელი გარდაცვალება ყველასთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. მამის შესახებ მისი ქალიშვილი – ნატალია გომიაშვილი „თბილისელებს“ ესაუბრა

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან


ნატალია გომიაშვილი: მამა მშვიდი, უკონფლიქტო და ცოტა არაორდინარული ადამიანი იყო, ამასთანავე, ძალიან მეგობრული. არ იყო ისეთი მამა, როგორიც ჩვენთან არის მიღებული. არ ახასიათებდა აკრძალვები, არასდროს გვიჩხუბია, თავისი აზრი თავს არასდროს მოუხვევია, არც მკაცრი იყო. თუ რამე გადასაწყვეტი გვქონდა, ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ როგორ ჯობდა. ვგრძნობდი, რომ ყველა ადამიანის აზრს პატივს სცემდა და მათ შორის შვილებისასაც. ძალიან ყურადღებიანი იყო. მაღაზიაში რამე რომ აგეღო, უბრალოდ, რომ შეგეხედა, პირობითად, კანფეტისთვის, მეორე დღეს მოგიტანდა და გეტყოდა, ეს არ იყო, გუშინ რომ უყურებდიო? არაფერი გამორჩებოდა, არაფერი დაავიწყდებოდა. ზღაპრული იუმორის გრძნობა ჰქონდა. ძალიან მარტივი იყო მასთან ურთიერთობა, თუმცა რთული და მძიმე ხასიათი ჰქონდა.

****

მიშას ძალიან უყვარდა მშრალ ხიდზე სიარული და ძველი ნივთების შეძენა. მისი წასვლიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, როცა მშრალ ხიდზე მოვხვდი და ვიცანი ადამიანი, ვისთანაც მიშა ძალიან ხშირად დადიოდა. საუბარს შევყევით და ვუთხარი, მიშას შვილი ვარ-მეთქი. ორი ბეჭედი მაჩუქა. მე კი ვხუმრობდი, მამა აღარ არის და მაინც რაღაცებს მჩუქნის-მეთქი, მაგრამ რეალურად, ეს იყო იმის დამადასტურებელი, თუ როგორ უყვარდათ მამა.

***

ბოლოს ჩემმა მეუღლემ ნახა. ზაფხული იყო, მე დასასვენებლად ვიყავი და იმ დღეს ჩამოვედი. დილით, როცა ცუდად გახდა, ქეთიმ, მისმა მეუღლემ, დამირეკა. მითხრა, სუნთქვა გაუჭირდა და საავადმყოფოში გადაგვყავსო. კლინიკაში რომ შეიყვანეს, მეც ამ დროს მივედი და ეზოში შევხვდი. სასწრაფოს მანქანაში იწვა. მივედი, რა დღეში ხარ-მეთქი, დავუძახე. ვა, ნატუკ, მოხვედი, მაო, დამიძახა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. 24 საათი არ იყო გასული, რომ გარდაიცვალა. არ ვიცი, რა მოხდა. სახლში, კიბიდან ჩამოვარდა, კუდუსუნის ძვალი და ნეკნი ჰქონდა გატეხილი და იწვა. ეჭვი ჰქონდათ, რომ თრომბოემბოლია განვითარდა და ეს გახდა მისი წასვლის მიზეზი. ზუსტად ვერ გავიგეთ, ვერ მოასწრეს შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.