ნახევარ მილიონ ევროდ პარიზში შეძენილი ბინა და მიწის ნაკვეთები ჩხოროწყუში - გიორგი გახარიას თანაგუნდელების მტკიცებით, მათ ლიდერს 2020 წელს ეს ქონება არ უყიდია, მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ საკითხით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ

გახარია

„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნახვის მიუხედავად, გიორგი გახარიას თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ მათ ლიდერს 2020 წელს პარიზში ბინა და ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთები არ უყიდია. ყოფილმა პრემიერმა 2020 წელს შეძენილი ქონება 2025 წლის დეკლარაციაში თავადაც ასახა, თუმცა, გახარიას პარტიაში ფაქტებს უარყოფენ.

ოფიციალური ჩანაწერები და დეკლარაცია აჩვენებს, რომ 2020 წელს, როცა გახარია ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ გაღარიბებაზე საუბრობდა, სწორედ მაშინ შეიძინა პარიზში ბინა ნახევარ მილიონ ევროდ.

მოგვიანებით, ქონებრივ დეკლარაციებში გამოჩნდა ჩხოროწყუში მიწის ნაკვეთებიც. საჯარო ფინანსურ დოკუმენტში ექსპრემიერმა აღარ მიუთითა - სახლი წავკისში და 2 ბინა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე. თუმცა, გახარიას ოჯახი ამ დრომდე წავკისში ცხოვრობს. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს, ექსპრემიერის ოჯახის წევრმა უთხრა, რომ სახლი ნაქირავები აქვთ.

როგორ იყიდა პანდემიის პერიოდში გახარიამ პარიზში ბინა - თავად ექსპრემიერი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ გამოძიება თანამდებობის ყველა ყოფილი პირის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს.

გიორგი გახარიას ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ საუბრობენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ საკითხით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

პარიზში შეძენილი ბინის და მიწის ნაკვეთების დოკუმენტაცია "კურიერი P.S-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა. გიორგი გახარიამ საფრანგეთის დედაქალაქში 83 კვადრატული მეტრის ბინა 472 400 ევროდ, 2020 წელს შეიძინა, ჩხოროწყუში კი მიწის 2 ნაკვეთი 85 000 ლარად.