1732010030
ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც იანვრიდან ხელფასი გაეზრდება
პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხელფასი 3 წელიწადში 45%-ით, ხოლო საჯარო მოხელეების - 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რედაქტირებად ვარიანტშია აღნიშნული.
„ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა ბოლო 3 წლიან პერიოდში განხორციელდა 45%-ით. გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო 3 წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა.
განათლების და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) დაფინანსება გაზრდილია 1 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20%) და 2024 წელს ამ სფეროს დაფინანსება 3 მილიარდ 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს (ზრდა 65%-ზე მეტით). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 300 ლარით ზრდამ“- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.
ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტით:
2025 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.6 მლრდ ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცების ხელფასის 10%-იანი ზრდა;
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.350 მლრდ ლარი და აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
2025 წლის პროექტით საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას ასევე 10%-ის ოდენობით.