N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა

პენიტენციური

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდნენ.

პროექტში ჩართულმა ოცმა მსჯავრდებულმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლა. პროგრამა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და კოლეჯ „იკაროსის“ ხელშეწყობით, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და შეფების ჩართულობით ჩატარდა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკო თათულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და კოლეჯ „იკაროსის“ დირექტორი რუსუდან ჩართოლანი  ესწრებოდნენ. ღონისიების სტუმრები N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროექტებსაც გაეცნენ და დაათვალიერეს დაწესებულებაში არსებული ის მცირე საწარმოები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულები.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო კურსებს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს, რაც მსჯავრდებულებს, გათავისუფლების შემდეგ, დასაქმებაში ეხმარება და ხელს უწყობს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.