მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით გზების წმენდა მიმდინარეობს, გაიწმინდა ყველაზე რთული მონაკვეთი - სოფელი კოკათი - ლანჩხუთის მერი

ალექსანდრე სარიშვილი

სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით გზების წმენდა მიმდინარეობს:

"გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები იმ სოფლებში, სადაც შევძელით. გაიწმინდა ყველაზე რთული მონაკვეთი - სოფელი კოკათი, სადაც მოსახლეობასთან დაკავშირება მოხდა. მიმდინარეობს მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით გზების წმენდა, მაგრამ არის ლოკაციები, რომლებიც არის შიდა გზები და ასევე, ისეთი ადგილები, სადაც ჯერჯერობით ტექნიკა ვერ მიდის. სოფლებში შექმნილია ჯგუფები, რომლებშიც არის, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე სამხედრო ძალები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები,"- აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს. გურიის რეგიონში მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური სამხედრო ტექნიკა, რომელიც რთულად მისასვლელ ადგილებში გამოიყენება.

საქართველოს ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში, ასევე კონკრეტულ სოფლებში მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებიან ოჯახებს. დავალებაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ შტაბთან და დამატებითი საჭიროების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიან.