1747842501
მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრა გამართა გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და მიღწეული შედეგები. მათივე ცნობით, განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტის შედეგები, რასაც გლობალური ფონდის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების მიმართულებით არსებულ პროგრამებს, დაავადებების პრევენციასა და მიზნობრივ მხარდაჭერას.
„შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხაზი გაუსვეს გლობალურ დონეზე ძლიერი პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გლობალური ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებში ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც მონაწილეობს.