მეცნიერება, როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა

ლია მელიქიშვილი

1. ქალბატონო ლია, საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა არის მეცნიერის მთავარი დანიშნულება?

- პროგნოზირება;

- საკითხების იმგვარი თეორიული დამუშავება - რომ იყოს გამოსაყენებელი რეფორმებისთვის;

- ისეთი საკითხების კვლევა, რაც თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესისთვის  აუცილებელია.

ლია მელიქიშვილი

თქვენ კითხვას შეიძლება ასე გავცეთ პასუხი: საერთოდ  ცნობილია,  რომ ყოველ საზოგადოებას, განვითარების ყოველ კონკრეტულ ეტაპზე აქვს გარკვეული სოციალური ამოცანები და მიზნები, რომელთა გადაწყვეტა და განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმ იდეაზე, რომელიც საფუძვლად უდევს ამ საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პრეროგატივა, ყველაზე მეტად,  სწორედ ჩვენს განყოფილებას ეთანადება.

თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის სახელმწიფოს მრჩეველი ორგანო და ამიტომ ჩვენი განყოფილების მოვალეობაა,  ძირითად საკითხებს  მივცეთ სწორი  მიმართულებები ანუ უნდა განისაზღვროს სოციალურად მნიშვნელოვანი რომელი ქმედება ხორციელდება სოციალური პრაქტიკის პროცესში.  ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც თუ სოციალურ პრაქტიკას საბოლოოდ მივყავართ საზოგადოებისათვის არასასურველ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური პრაქტიკა ეწინააღმდეგება ამ საზოგადოების განვითარების ბუნებრივ-ისტორიულ პროცესებს. ანუ  გამოყენებული საშუალებები და იდეა, რომელიც მას უდევს საფუძვლად, სოციალური განვითარების ობიექტური კანონების არაადეკვატურია. ასეთ შემთხვევაში საზოგადოება აღმოჩნდება დეგრადაციის ან უძრაობის მდგომარეობაში და იწყება სოციალურ-ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური რღვევის სტადია.

ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში აქტიურად ამოქმედდება ისეთი ძალები, რომელთა დამანგრეველ მოქმედებას გაცილებით უარესი შედეგი მოჰყვება, ვიდრე ბუნებრივი სტიქიური ძალებით გამოწვეულს. ასეთ საზოგადოებაში ძლიერდება ადამიანის მართვის შესაძლებლობა, სოციალური უსამართლობა და უთანასწორობა.  ჩვენ ამგვარ საზოგადოებაში ვცხოვრობდით. ეს პროცესი განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“  სახელმწიფო სათავეში მოსვლის შემდეგ  ამოქმედდა. ამის ერთ - ერთი მიზეზი, სხვათა შორის, მეცნიერების უგულებელყოფაც იყო, რამაც ე. წ. „ლომაიას განათლების რეფორმის“  შედეგად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფაქტობრივად დაშალა, ანუ მისი სისტემიდან  მოხდა კარგად გამართული სამეცნიერო ინსტიტუტების (ფაქტიურად სამეცნიერო მიმართულებების) მკვეთრად ჩამოყალიბებული  სტრუქტურიდან გაყვანა. ამან გამოიწვია ქაოსი და მის დალაგებას კიდევ დიდი ხანი დასჭირდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ნებსით თუ უნებლიედ,  აკადემიას მხოლოდ მეცნიერი -  მრჩეველის და მეცნიერი - ექსპერტის  ფუნქცია დაუტოვეს. გასაგებია, რომ ყოველივე ევროპულ ყაიდაზე უნდა გადასულიყო, მაგრამ ასეთი მეთოდებით ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული.

საქართველომ დამოუკიდებლობა კი გამოაცხადა, მაგრამ სახელმწიფოს მშენებლობა ფაქტიურად უცნობი იყო ჩვენთვის. ძველი ყველაფერი სწრაფად განადგურდა (სხვათა შორის ასე ყველა პოსტსაჭოთა რესპუბლიკა არ მოიქცა, ზოგს ამის ჭკუა ეყო და გარდამავალი კრიზისი ჩვენზე იოლად გაიარა).

სახელმწიფოს ახალ ეტაპზე გადასვლისას, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების მართვისას ახალი სოციალური აზროვნების ფორმირებისთვის, ერთ-ერთი უმთავრეს ამოცანად ისახება მეცნიერული ანალიზის გაძლიერება. 

ვფიქრობ, ასეთ დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საზოგადოებრივ მეცნიერებებს. სწორედ ჩვენი განყოფილება  წარამოადგენს ამ მეცნიერებათა მიმართულებებს.  მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ როგორც ერთი  განყოფილების მუშაობა გაერთიანებული თემატიკით, როგორც ინსტიტუტების შემთხვევაში ხდება - არა, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ის ექსპერტები ვართ, ვინც ამოწმებს სამეცნიერო სამყაროს მუშაობას, რაც ასევე, კანონით ჩვენ გვევალებაა. ამავე დროს ამ განყოფილების აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები თავისთავად არიან დარგების წარმმართველები და დამოუკიდებლად, სწორედ იმ თეორიებს ქმნიან, რომელიც შემდგომ, სახელმწიფომ რეფორმებირთვის  უნდა გამოიყენოს.

უნდა ვაღიაროთ, რომ სულ ახლო წარსულში, საბჭოთა კავშირში, ამ მეცნიერებათა მართებული მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში სიტყვიერად იყო დეკლარირებული, საქმით კი _ იგნორირებული. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჰუმანიტარულმა მეცნიერებამ ვერ შექმნა ჩვენში საზოგადოების რეგულარული გარდაქმნის, რეფორმის თეორია, ვერ წამოწია წინ ის ეკონომიკური, სოციალური, იურიდიული და პოლიტიკური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც საზოგადოებამ უნდა შეძლოს მუდმივი განახლება. „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის პერიოდში უცხოეთიდან იყვნენ მოწვეული სპეციალისტები, რომელნიც დახმარებას უწევდნენ ჩვენს სახელმწიფოს სხვადასხვა კანონების მიღებასა  და რეფორმების ჩატარებაში,

ევროსაბჭოში ჩვენი შესვლის მიზეზიც ეს იყო. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ე. წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, ბევრი რამ ისე აღარ ვითარდებოდა, როგორც ადრე იყო დასახული. ეს ჩემი მოსაზრებაა, რადგანაც, მე, როგორც მეცნიერი ვხედავდი, რომ  მეცნიერულ საფუძველს მოკლებული მითიური შემოქმედება ანგრევს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოებრიობასაც. ნაწილობრივ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ: სახელმწიფო სტრუქტურებში უმეტესწილად დეკლასირებული, სოციალურად ფუნქციადაკარგული არაპროფესიონალები ჭარბობდნენ, რომლებიც, ეროვნულ ინტერესებს ამოფარებულნი, სინამდვილეში აყალბებდნენ ყოველივე ეროვნულს, აკნინებდენ ადამიანის უფლებებს და ადამიანი რჩებოდნენ თვითმარქვია ძალების ანაბარა, რომელნიც მის ბედს მართავდნენ. პირიქით კი უნდა ყოფილიყო,  უპირველესად ადამიანზე  უნდა  ეზრუნათ და  მკაფიოდ განესაზღვრათ მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთვალდებულებები და, ჩვენი აზრით, სწორედ მეცნიერულად გაანალიზებული პოლიტიკური სტრატეგიით უნდა გაეადვილებინათ ხალხისთვის სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. თავიდან ეს თუ ასე არ წარიმართა მივიღებთ მოსახლეობის მკვეთრ სოციალური განფენილობას და, რაც ყველაზე საშიშია, კორუფციას. ამვე დროს გასათვალისწინებელი იყო ის, რომ ახალი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებას დასაწყისშივე ხშირად თან სდევს კრიმინალი. ჩვენ არ ვიყავით  მზად ამისთვის, ანუ მეცნიერულად არ გვქონდა დამუშავებული ეს საკითხები,  დროულად ვერ გავითვალისწინეთ ყოველივე და ამიტომ ამ სიტუაციიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდა.

ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში, ყოველი ახალი რეფორმის თუ კანონის მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეცნიერების მიერ გაანალიზებული რჩევები. ჩვენი აზრით, ამის გარეშე ვერ დავიცავთ დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის უსაფრთხოებას. კანონების აბსტრაქტული განსჯით კი არ ყალიბდება, არამედ მათი შემუშავება არის დაკვირვების, ექსპერიმენტების და ანალიზის, ანუ მეცნიერების შრომატევადი მუშაობის შედეგი. სახელმწიფოს, რომელიც ძველ სისტემას ახლით სცვლის და არა აქვს რეალური, პრაქტიკულად განხორციელებადი თეორიები, სჭირდება მრავალი პროფესიონალი. ამიტომ საზოგადოებრივი მეცნიერება, სხვა დისციპლინებთან ერთად, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

ჩემის აზრით, დღეს  სახელმწიფოში მეცნიერთა და პოლიტიკოსთა მართებული იდეების შერწყმა სრულყოფილად არ ხდება  და ამიტომ  სახელმწიფო, მიუხედავად უამრავი წარმატებისა, მაინც ძნელად ვითარდება. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა სწორ მეცნიერულ ანალიზს უნდა დაეყრდნოს, რათა თავიდან ავიცილოთ არასამართლებრიობა და ანარქია. ოპტიმალურ ეფექტს მხოლოდ მეცნიერულად გაანალიზებული რეფორმები გვაძლევს. ამიტომ მეცნიერის, როგორც პროფესიონალის, ვალია შეძლებისდაგვარად შეასრულოს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა ერის წინაშე.

2. მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევების/სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანებას, თქვენ ერთი წელია ხელმძღვანელობთ მრავალი სამეცნიერო დარგის და კვლევის ფართო პრობლემატიკის მქონე განყოფილებას - საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. როგორ შეაფასებთ გასული ერთ წელს - რა პრობლემებს თეორიული დამუშავება უკვე მოხდა, რაზე მუშაობს განყოფილება ახლა და თქვენი პროგნოზი როგორია?

- მეცნიერებათა აკადემია მთავრობის მეცნიერული მრჩეველი;

- განყოფილება რა დარგებს ფარავს;

- კომისიები;

- აქტივობები;

- დარგ(ებ)ის აქტუალური საკითხები;

- კიბერეთნოგრაფია.

- განყოფილებაში მოღვაწე აკადემიკოსები;

- პრიორიტეტულ მიმართულებები - განსაზღვრავენ აკადემიკოსები.

- მთავრობისთვის გაცემული რეკომენდაციები.

ლია მელიქიშვილი

ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად უკვე ვისაუბრე.

დავამატებ მხოლოდ იმას, რომ გარდა ექსპერტიზისა (ჩვენ ექსპერტიზას ვუწევთ 10 დიდ უნივერსიტეტს საქართველოში. მასში შემავალ დაახლოებით 80 მიმართულებას, კათედრას და ინსტიტუტს. ეს არის 100-მდე ნაშრომი. ჩვენ ვაფასებთ მათ ნაშრომებს),  აკადემიის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს მეცნიერული კვლევების  წინასწარი განსაზღვრა, ანუ დასახული პროექტების ექსპერტიზაც უნდა ტარდებოდეს.  ჩვენ მარტო შესრულებული ნაშრომების ექსპერტიზას კი არ უნდა ვეწეოდეთ, არამედ წინასწარ დაგეგმილ საკიხებსაც უნდა ვამოწმებდეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად გვხვდება ისეთი თემები, რომელიც არც თუ ისე საჭიროა სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ამაში  კი ფული იხარჯება. მოგეხსენებათ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, იმის ფუფუნების უფლებას თავს ვერ მივცემთ, რომ რაც  მოგვინდება ის ვიკვლიოთ. მახსოვს, ამ 50 იოდე  წლის წინ, ფინეთში მითხრეს:  ჩვენთან ინგლისურის ცოდნა ყველასთვის სავალდებულოაო, რადგანაც  არც ისე მდიდარი ქვეყანა ვართ, რომ თითოელ ადამიანს თარჯიმანი დავუქირავოთო. ჭკვიან ხელისუფლებას არ უყვარს ფულის გადაყრა. ის მომჭირნედ ხარჯავს მას.  სხვათა შორის ბოლო წლებში ეს ტენდენცია აშკარად გამოსწორდა. პრაქტიკულად სულ უფრო საზრიანი თემატიკა მუშავდება.  მომავალში იმედია უფრო დაიხვეწება.

კიდევ ერთს დავამატებდი: კარგი იქნება თუ  საკვლევი თემატიკის გამსხვილება მოხდება, მაგალითად მთლიანად განყოფილებაზე, ან თუ გინდ ინსტიტუტზე. ამას სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში კარგი შედეგები მოაქვს. რა თქმა უნდა სადაც ეს შესაძლებელია. ყველგან, ალბათ ვერ მოხერხდება. მე ამის კარგი გამოცდილება მაქვს.

90-იანი წლებიდან, როგორც კი დაიწყო საბჭოთა სახელმწიფოს რღვევა და აღარ იყო საჭირო 5 წლიანი გეგმის წარდგენა, რომელსაც შემდგომ მოსკოვი ამტკიცებდა, მეცნიერული კვლევის არჩევანს მეტი დამოუკიდებლობა მიეცა. პარალელურად, სახელმწიფოში მძიმე, მაგრამ მეცნიერთათვის საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა, რამაც ჩემში ახლებური ხედვა გამოიწვია.

რა თქმა უნდა ამას თავისი წინაპირობა ჰქონდა.

ვმუშაობდი კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, ივ. ჯავახისშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, რომელიც დაკომპლექტებული იყო საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერებით. ეთნოლოგიურ სკოლას უძღვებოდა ცნობილი და სრულიად ორიგინალური აზროვნების მქონე მეცნიერი ბატონი გიორგი ჩიტაია, ჩემი განყოფილების გამგე კი ალექსი რობაქიძე სრულიად პროგრესული ადამიანი იყო. კარგად ვიცნობდი კავკასიას, მის ეთნოსებს, რელიგიის საკითხებს, საქართველოში მცხოვრებ არაქართულ  მოსახლეობას. ჩემს გვერდით მუშაობდნენ საკმაოდ ნიჭიერი და პროდუქტიული მეცნიერები.

ამ დროისათვის ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იკრეფდა ძალას წინასაკონფლიქტო სიტუაციები, რომლის ანა-ბანა არ იყო ცნობილი არცერთი საბჭოთა მეცნიერების დარგისთვის.  ერთს კი ვიტყვი, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ჩემი დარგიდან  და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის მეცნიერები, ზოგი, როგორც მონაწილე, ზოგი როგორც ლიდერი და დამკვირვებელი, ამ მოვლენების რუტინაში იყო ჩართული. მათგან ბევრს, როგორც მეცნიერების წარმომადგენლებს, პირადად ვიცნობდი, ზოგს ძალიან ახლოს, რადგანაც ექსპედიციებში ერთად ვმონაწლეობდით, კონფერენციებზე და კონგრესებზეც ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ამ ნაცნობობით, თვით კონფლიქტის მიმდინარეობისას ბევრი საქმე სასიკეთოდ წარვმართედ. ჩემი განყოფილების გამგე ალექსი რობაქიძე იმდროინდელ მთავრობას სთავაზობდა მოლაპარააკებებში მონაწილეობა, რადგანაც აფზაზეთიდან, და ე. წ. სამხეთ ოსეთიდან წარმომადგენლები ჩვენი განყოფილების ასპირანტები იყვნენ და დისერტაციები თბილისში, ჩვენს ინსტიტუტში  ჰქონდატ დაცული. ჩვენასევე ვფიქრობდით ჩრდილო კავკასიელების ჩართვას ამ ჩვენ „დიპლომატიაში“, რადგანაც ისინიც ბატონი ალექსის აღზრდილები იყვნენ. თბილისი, ხომ კავკასიის ცენტრი იყო. მაგრამ არც მაშინდელი მთავრობა ახერხებდა მეცნიერებისა და მეცნიერის გამოყენებას. აკი გითხარით, არავითარი გამოცდილება არ  გვქონდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების  მშენებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი მრავალი სირთულის წინაშე  აღმოჩნდა.

სახელმწიფოში სერიოზულ ამოცანად იქცა ეროვნული პოლიტიკისF სწორად წარმართვა და წარმოქმნილი დეზინტეგრაციული პროცესების შეჩერება.

ქვეყანაში მომხდარი  ცვლილებები და პროცესები თავისებურად აისახა საქართველოში კომპაქტურად დასახლებულ პოლიეთნიკურ საზოგადოებებში, იმ სასაზღვრო ზოლში რომელიც ეთნიკურად ამ ტერიტორიის მომიჯნავე სახელმწიფოს მოსახლეობას ენათესავება (მაგალითად, აზერბაიჯანელები აზერბაიჯანის საზღვართან, სომხები სომხეთის, ოსები ოსეთის (ალანიის)). გაჩნდა სეპარატისტული და ირიდენტული ტენდენციების წარმოქმნის ალბათობა, რამაც რეალურად წარმოშვა სერიოზული მუქარა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მის სტაბილურობას შეუქმნა საშიშროება.

პირველად, 1989 წელს დავწერე პატარა ნაშრომი: ეთნოკონფლიქტი და საზღვრისpირა ეთნოუმცირესობა, სადაც განვსაზღვრე, რომ ზოგიერთი რეგიონი ჩათრეული იქნებოდა ომში. თუმცა იმდროინდელი პოლიტიკოსები ომის დაწყებას უარყოფდნენ, და ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ ომი ჩვენთვის არავის „გამოუცხადებია“.  დღევანდელ დღეს კი უკვე აღიარებულია ომის სხვადასხვა ფორმა და ამასთანავე შესაბამის ტერმინებში გამოხატვაც. ჩვენს შემთხვევას კი დღეს „ღია კონფლიქტი“ ჰქვია. მაშინ ჩემთვისაც არ იყო ცნობილი ის მრავალსახოვანი ფორმები, რომელიც ომს ახასიათებს. ერთადერთი ვინც ჩემს მოსაზრებას (ისიც პირად საუბარში) ყურადღება მიაქცია იყო ინგლისელი მეცნიერი ოქსფორდიდან ნილ მაკფარლეინი, რომელიც  საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მუშაობდა და რომელიც იმხანად თბილისში იმყოფებიდა. მისმა ინტერესმა მეტად გამათამამა და დამაჯერებელი გახადა ჩემი მოსაზრება, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე,  საჭირო იყო ეთნიკური ასპექტების კვლევა და მისი  შედეგების გათვალისწინება. შემდგომში, ჩემი ეს ხედვა მაღალ დონეზე შეაფასა ინგლისელმა  მეცნიერმა ერნესტ გელნერმა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შემომთავაზა ერთად  პროექტში, რომელიც კავკასიას უკავშირდებოდა, გვემუშავა. დავიწყეთ კიდეც. მაგრაამ, სამწუხაროდ პირველი ანგარიშის გაგზავნის შემდეგ გავიგე, რომ გულით გარდაიცვალა. არაჩვეულებრივი ადამიანი და უდიდესი მეცნიერი იყო. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, საქარველოშიც გვესტუმრა და აღფრთოვანებული იყო ჩვენი ქვეყნით და ხალხით. აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი საზღვრისპირა რეგიონებისადმი და მისი ეთნოლოგიური სრული კვლევა, რაც დღემდე მიმდინარეობს. მოპოვებული მაქვს უამრავი მასშტაბური გრანტი და ძალიან ბევრს ვმუშაობდი.  მაგრამ, როგორც იტყვიან: ეშმაკს არ სძინავს. 2006 წელს,  სამ აკადემიკოსს, რომელიც ჩვენი ინსტიტუტიდან „ჩარეცხეს“ სხვებთან ერთად,  მეც მივყევი და ინსტიტუტი დავტოვე. შეჩერდა ჩემი პროექტებიც, რომელზეც არა  მარტო მე, არამედ მთელი განყოფილება,  ჩემი ხელმძთვამელობით, მუშაობდა. იდეა ხომ მე მეკუთვნოდა. ჩვენს მეცნიერებაში ასეთი სახის კვლევა საერთოდ არ ყოფილა. მართალი გითხრათ, მე არ შევჩერებულვარ და ისევ ვაგრძელებ მუსაობას ამ მეთოდით, მაგრამ უკვე არასამთავრობოს ხაზით.

სასწაულებიც ხომ ხდება. სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ამ ჩემი იდეით და მეთოდით, ჰოი საოცრებავ. . . . , და მთელი ჩემი ყოფილი ივ ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი მუშაობს. გარდა ამის „რუსთაველის ფონდმა“ საზღვრისპირა რეგიონების შესასწავლად,  ყოველწლიურად, გრანტიც კი გამოჰყო  ანუ საზღვარი, რომელიც ასეთი სენსიტიური და გასაფრთხილებელია ყველა სახელმწიფოდთვის, საკვლევად საჭირო ყოფილა. მაგრამ რა გამოდის ჩემი საავტორო უფლებები ნეტა დაცული იქნება თუ არა. ოდესმე, სადმე ვინმე ახსენებს ჩემს ამ მიგნებას? არა მგონია.

ახლა ვეცდები უფრო პრაქტიკული ანალიზი მოგახსენოთ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება მოიცავს მრავალ სამეცნიერო დარგს (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, დემოგრაფია, სამართალი, პოლიტოლოგია).  ეს, ზუსტად,  ის წამყვანი დარგებია, რომელიც იკვლევს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს, მეცნიერულ ახსნას აძლევს ყოველ მოვლენას და ქმნის ცვლილებების და მოდერნიზაციის საფუძვლებს.

ამავე დროს,  გამყოფილებაში  არის ხუთი დარგობრივი კომისია, სადაც გაერთიანებული არიან თითოეული დარგის მოწვეული წამყვამი სპეციალისტები. მათი სამუშაო აკადემიის ფარგლებში მიმდინარეობს და ეს არის  ჩვენთვის დამატებით ძალა, რომელის ქმნის არა მარტო ცალკეულ მონოგრაფიებს, არამედ აწარმოებს გაერთიანებულ, მსხვილი მასშტაბის კვლევებს, სემინარებს, კონფერენციებს. სხვათა შორის ეს კომისიები ე. წ. „რეჟიმის“,  2006 წლის შემდეგ, საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერებით შეივსო და უფრო პროდუქტიული გახდა, ვიდრე ახლად ჩამოყალიბებული ინსტიტუტები. რა გასაკვირია, მარტო ჩემი „ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტიდან“ 3 აკადემიკოსი: მარიამ ლორთქიფანიძე, თინა ყაუხჩიშვილი და დავით მუსხელიშვილი გაანთავისუფლეს. სხვა გამოჩენილ მეცნიერებზე, რომელთაგან ზოგი შემდგომში გახდა აკადემიკოსი,  აღარაფერს ვამბობ.

კომისიების ანგარიშზე მრავალი ნამუშევარია. სულ ბოლო ხანს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისია აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან საერთაშორისო სიმპოზიუმის – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“ მომზადების საქმეში. სიმპოზიუმი მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 45 და დაბადების 90-ე  წლისთავს. ფორუმი გაიმართა 2023 წლის 16-17 თებერვალს. (მანამდეც რამდენიმე მასშტაბური საერთაშორისო სიმპოზიუმი მაღალ დონეზე მოეწყო).  კომისიის ეგიდით და მისი წევრების  მიერ უკვე თითქმის 20 წელია ქვეყნდება:  ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის სამეცნიერო ცენტრის პერიოდული ჟურნალი „ანალები“. გამოიცა კოლექტიური მონოგრაფია „საქმიანი საქართველო. 1801-1920 წწ.“  და სხვ. კომისიის წევრების თანამშრომლობით ასევე მომზადდა 1576 გვერდიანი კაპიტალური ნაშრომი – „კავკასიის ისტორია“ – ორტომეული, (ავტორი და რედაქტორი რ. მეტრეველი, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი). მანამდეც გამოიცა დიდი კოლექტიური გამოცემები, მათ შორის: „ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი,  ტ. 12 (მთავარი რედაქტორი აკად. როინ მეტრეველი; გამომცემლობა „არტანუჯი“; „ქართული დიპლომატიის ისტორია“ (ავტორი და მთავარი რედაქტორი აკად. რ. მეტრეველი, თანაავტორი პროფ. ზ. პაპასქირი; გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი,  734 გვ.); „საისტორიო ნარკვევები.“ (გამომცემლობა „არტანუჯი“, თბ.).; დიდი ექვთიმე, შემდგენელი,  შემდგენელი და მთავარ რედაქტორი აკად. რ. მეტრეველი, თბილისი, 2014, 725გვ. „არტანუჯი“); „Грузины“ , ответственный редакторы: Л. К. Бериашвили, Л. Ш. Меликишвили,  Л.Т. Соловьева, Москва, Наука. 2015, 813 გვ..; ქართველები. (ყველეფერი ქართველთა  კულტურისა და ეთნოსის შესახებ).  კოლექტიური ნაშრომი. 711გვ., 2016, თბილისი, გამომცემლობა „პალიტრა L“, რედაქტორილ. მელიქიშვილი, ლ. ბერიაშვილი) და სხვ. სულ ბოლო 5 წელიწადში, (2017-2023 წ.წ.) განყოფილების წევრებმა გამოაქვეყნეს 62 დასახელების  წიგნი, მათ  შორის მრავალტომეულები;  7  სახელმძღვანელო  233 სამეცნიერო სტატია. 

ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურის ცვლილება და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“ (9 სექტემბერი, ქ. გორი).

საინტერესო და საჭირო საკითხებს ამუშავებს დემოგრაფიული კომისია. (აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე). ყველასათვის ცნობილია თუ როგორი კატასტროფული სიტუაციია ამ განხრით საქართველოში. მრავალი წინადადება იქნა განხილული, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გამოსავალი ადვილი საპოვნელი იყოს.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფოლების დარგობრივი ინტრერესები მრავალმხრივია. ისტორიის დარგში მუშავდება  საქართველოს და კავკასიის საკითხები. მოგეხსენებათ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის დარგს ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისტორიის მიზანია წარსულის საფუძველზე საზოგადოების გარდაქმნის მეცნიერული ანალიზი და ინტერპრეტაცია. ქვეყნის ისტორიის ცოდნა სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის განმსაზღვრელია.  თუკი დიდი და ძლიერი სახელმწიფოები ცდილობენ არ დაკარგონ ეროვნული იდენტობა, ჩვენთვის პატარა, მცირერიცხოვანი, ტერიტორიებდაკარგული ქვეყნისათვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია.  ისტორია, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერება,  დაკავშირებულია, პოლიტიკასთან, განსაკუთრებით ეს წარმოჩინდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც  უამრავი კონფლიქტური კერა გაჩნდა. ისტორიის მეცნიერება გამოვიდა ინფორმატორის როლში და განსაზღვრა ისტორიული სინამდვილე.

საქართველო ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაა. პირველი ევროპელის სამოსახლო, ღვინისა და  ხორბლის სამშობლო, მეტალურგიისა და ოქრომჭედლობის ფუძემდებელი, მედიცინისა და სხვა მრავალი საქმიანობის მცოდნე და წამომწყები. უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის შემქმნელი. ისტორიისა და მისი დისციპლინების, არქეოლოგიისა და განსაკუთრებით ეთნოლოგიის წყალობით საქართველო სწრაფად გახდა ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა. მისი მდიდარი კულტურა და ყოფა გაოცებას იწვევს მსოფლიო ხალხებში. ისტორიის კვლევის საკითხი უთუოდ განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმიტომაც, რომ  იგი  თავისი ყველა მიმართულებით (არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფიზიკური ანრტოპოლოგია, ისტორიული გეოგრაფია და სხვ. ) ეროვნული  იდენტობის  გადარჩენის ერთადერთი რეალური პირობაა.

საქართველოს გეოპოლიტიკა და დღევანდელი მძიმე სოციალური ფონი კი საფრთხეს უქმნის ჩვენი ეროვნული ღირსების და აქედან გამომდინარე ეროვნული სახელმწიფოს შენარჩუნებას. ამიტომ  ეროვნული  იდენტობის  გადარჩენის ერთადერთი რეალური პირობაა, არა მარტო მშობლიური ენისა და ისტორიის ცოდნა და გაფრთხილებაა, არამედ მისი მეცნიერული შესწავლა და განვითარება. სწორედ ამ დარგის უდიდესი მეცნიერები იყვნენ და არიან ჩვენი განყოფილების წევრები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისტორიის მიზანია წარსულის სფუძველზე საზოგადოების გარდაქმნის მეცნიერული ანალიზი და ინტერპრეტაცია.

დღესაც, ამ საკითხებზე მუსაობენ ჩვენი განყოფილების მეცნიერები.

საქართველოს  სამეფო და საქართველოს მეფების ისტორია, ქარული დიპლომატია, საისტორიო ნარკვევები. ყივჩაღების და მონღოლები,  კავკასია - ცივილიზაციის უძველესი კერა,  წარსული ხელოვნების ენით ისტორიიდან (აკადემიკოსი როინ მეტრეველი).  ასევე ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, (გამოიცა ორტომეული). საქარველოს ისტორიული ატლასი (აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი).

ეთნოლოგიის დარგის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საზოგადოებაში მიმდინარე ეთნიკური პროცესების კვლევა, რაც მოიცავს  საზოგადოების განვითარების და  სახელმწიფოს უსაფრთხოების ეთნიკური ასპექტების,  ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის, ტრადიციის და კულტურის საკითხებს, საქართველოს სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობათა პრობლემები, დარგში უახლეს საკითხების:  მნემონიკური ერთობა, კოგნიტური ეთნოლოგია, კიბერეტნოგრაფია და სხვ. (აკადემიკოსილიანა მელიქიშვილი).

დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმ დარგების სწორი მიმართულებით განვითარევას,  სადაც არსებობს სამეცნიერო ტრადიცია ანუ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული იყო დარგის სკოლა. სკოლების არსებობა კი ერის განათლების სისტემის ძირძველ ფესვებზე მიუთითებს.

საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი საგანმანათლებლო კერები.  კოლხეთის ანუ ფაზისის რიტორიკული სკოლა (აკადემია) განათლების მნიშვნელოვანი ცენტრი ქრისტიანობამდე და შემდეგაც, III-VI საუკუნეებში არსებობდა. აქ ბერძნული ფილოსოფიის  ნიადაგზე დაყრდნობით იქმნებოდა კავკასიური და ქართული ფილოსოფია. სწორედ ამის შედეგია საქართველოში ძლიერი ფილოსოფიური სკოლის არსებობა, მიუხედავად  მასზე ე. წ. „რეფორმის“ დროს უსამართლო ზეწოლისა. ჩვენს განყოფილებას სულ ახლო წარსულში გამოჩენილი ფილოსოფოსი გურამ თევზაზე ამშვენებდა. ფილოსოფიის დარგში გამოკვლეულია ანტიკური, აღორძინების ეპოქის, ნეოკანტიანელების ფილოსოფია,  იოანე პეტრიწი, ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება, და სხვ, (გურამ თევზაძე).  დღეს  ეს პრეროგარივა აკადემიკოს  ომარ გოგიაშვილს ერგო. მას მასშტაბური შრომები ქვს ილიას ირგვლივ, რომელიც უფრო მეტად პოლიტოლოგიისკენ იხრება.

სულ სხვა ბედი ეწია საქართველოს უცნობილეს ფსიქოლოგიურ სკოლას. დიმიტრი უზნაძის სახელი მსოფლიომ იცის. მე, თუ კი რომელიმე კონფერენციაზე ვყოფილვარ უცხოეთში, ყოველთვის მესაუბრებოდნენ  „განწყობის“ შესახებ, რომელიც კარგად იყო ცნობილი ჩემი უცხოელი კოლეგებისათვის.  უზნაძის განწყობის თეორია წარმოადგენს არაცნობიერის ურთულესი პრობლემის გააზრების ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტს.

დღეს ფსიქოლოგები მრავალ სასწავლებელში არიან განფენილები. დაირღვა სტრუქტურა და გაქრა სკოლა. ასეა, დაირღვა სამეცნიერო ტრადიცია და ამ დარგის სრუქტურის თავიდან შექმნა ვგონებ ძალიან გაჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიას ქვეყნისათვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ის, ფილოსოფიასთან ერთად,  პასუხს სცემს საზოგადოებაში მიმდინარე პრობლემურ პროცესების  დროს წარმოქმნილ კითხვებს - რა, რატომ, რისთვის, საიდა, როგორ ხდება ესა თუ ის მოვლენა (ამის საუკეთესო მაგალითია, მასმედიის არხებით,  გარდამავალ პერიოდში უამრავი საკითხის ფსიქილოგიური ახსნა პოპულარული ენით ჩვენი განყოფილების წევრის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის მიერ. ყველას ახსოვს მისი სატელევიზიო გამოსვლები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ახლაც, საკმაო დონის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი აკადემიკოსი ირაკლი იმედაძე  გვყავს.

ფსიქოლოგიის დარგში მიმდინარეობს ფსიქოლოგიის ისტორის, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის და განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიული კვლევა. სახელდობრ, დამუშავდა განწყობის ონტოლოგიისა და ობიექტივაციის პრობლემატიკა. განხორციელდა ამ თეორიისა და რამდენიმე ძირითადი ფსიქოლოგიური კონცეფციის შედარებითი ანალიზი ფორმალური და შინაარსეული ნიშნების მიხედვით. (აკადემიკოსი ირაკლი იმედაძე).  ასევე სოციალური განწყობების ფუნქციური და სტრუქტურული მახასიათებლების, კომუნიკატორული წინააღმდეგობის და სოციალური განწყობის შეცვლის, ფსიქიკურ მოვლენათა კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საკითხების, ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლების კვლევა (წევრ-კორესპონდენტი დავით ჩარკვიანი). 

დიდი მნიშვნელობა ენიჭება  საქართველოს ეკონომიკის საკითხებს, შეიძლება ითქვას , რომ განყოფილების ამ დარგის აკადემიკოსები საკმაოდ აქტიურები არინ, განსაკუთრებით დავასახელებდი ბატონ ლადო პაპავას,  რომელთანაც ტელე თუ საგაზეთო ინტერვიუები ქართველი მსმენელისთვის უსასრულოა.

ეკონომიკაში  გამოკვლეულია პოსტკომუნისტური საქართველოს  XXI საუკუნის პოლიტიკური ეკონომიკური პრობლემები.

საქართველოსთვის პრიორიტეტული ევროატლანტიკური ორიენტაცია გახდა. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ხელშეკრულებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ასევე გამოკვლეულია მარიხუანის ეკონომიკა,  ევროკავშირის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივები, ცენტრალური კავკასიის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის პერსპექტივები, ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი და  მისი სუსტი მხარეების გამოვლენა და სქემის  შემუშავება, არაეკონომიკური ეკონომიკური პოლიტიკის არსი და  პოსტკომუნისტური საქართველოს გამოცდილება, COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური,  ეკონომიკური ზრდის ძირითადი ტიპები და მათი გამოვლინების თავისებურებები აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში,  საგადასახადო კორუფციის გაზომვის ინდიკატორები, ინფლაციის მოდიფიცირებული მაჩვენებლების, ორთოდოქსული და ჰეტეროდოქსული ზომბი ეკონომიკა, რაც  პირველი მაღალი ინფლაციის პირობებში ბევრად უფრო მდგრადია. (ვლადიმერ პაპავა). ეკონომიკის ისტორიი საკითხები, ეკონომიკური აზრის დოქტრინა (ავთო სილაგაძე). საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება (მ. ჯიბუტი).

ძალიან რთული დარგია სამართალი. ჩვენ ორი ცნობილი აკადემიკოსი გვყავს ამ დარგში მინდია უგრეხელიზე და ჯონი ხეცურიანი.  ადამიანებმა თავის თეორიული ცოდნა მთლიანად პრაქტიკულ წიაღსვლებს მოახმარეს. მოგეხსენებათ რამდენად მძიმეა სამართლებრივ სახელმწიფოზე გადასვლა საბჭოთა იურისპუდენციის შემდეგ. სწორედ სამართლის დეიდეოლოგიზაცია და

„ევროკავშირის სამართლის“ მეცნიერების განვითარებაა, საშური საქმეა საკონსტიტუციო სამართლის, სამართლის ფილოსოფიის, სამართლის სოციოლოგიის, იურიდიული ფსიქოლოგიის რეანიმაცია,  მათი პრეროგატივა.


ეროვნული ინტერესის მიხედვით აუცილებელ პრიორიტეტია მაგალითად, ისეთი პერსპექტიული მეცნიერული დისციპლინების განვითარება, როგორიცაა „ტურიზმის სამართალი“, „ხელოვნული ინტელექტის სამართალი“ და სხვა მრავალი.

იურიდიული კუთხით შესწავლილია მიგრაციის სამართლებრივი ასპექტები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება (აკადემიკოსი  ჯონი ხეცურიანი).

„XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ ,  მასალა ევროპული სამართლისა და კონსტიტუციონალიზმის საკითხებზე. საქართველოში კონსტიტუციონალიზმის ისტორია, სადაც წარმოდგენილია ჩვენი გამოჩენილი განმანათლებლების მისწრაფება ევროპული სამართლებრივი ღირებულებებისაკენ.  (აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე).

გულისტკივილით მინდა აღვნიშნო აგრეთვე ის, რომ  რაოდენ სამწუხაროა, რომ  ქართველოლოგიური მეცნიერებები მთავრობის მხრიდან არ არის სტიმულირებული. თუ ეკონომიკა, იურისპუდენცია და სხვ. დარგები ერის მატერიალური მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელია, ქართველოლოგია მისი სულიერ ნაწილად უნდა ჩავთვალოთ. ესაა ერის კულტურის დვრიტა და სწორედ ესაა ის ფენომენი, რომელიც ჩვენ ქართველებად წარმოგვადგენს, ანუ განვსხვავდებით სხვა ხალხებისგან. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ძლიერი ქართველოლოგი მეცნიერები გვყავს. სულ ახლახან „რუსთაველის ფონდში“ პროექტი შევიტანეთ და მასშტაბურ კონგრესს ვგეგმავდით. მოვიწვიეთ ცნობილი უცხოელი ქართველოლოგები, მაგრამ, ფონდმა, ამ საქმისთვის გრანტი არ გაიმეტა. პირიქით კი უნდა ყოფილიყო. უცხოეთიში, ამ დარგში  გრანტის მოპოვება ჭირს და საქარტველოში არსებული ერთად ერთი ფონდი, ყველაზე მეტად, ზუსტად ერის სულიერებაზე უნდა ფიქრობდეს.

3. თქვენი სამეცნიერო ინტერესის სფეროს რომ შევეხოთ - ეთნოლოგია ეთნოგრაფიით რომ იყო გადაქცეული მრავალი წელი და დამოუკიდებლობის პერიოდში ეთნოლოგიად დაგვიბრუნდა. რა მოვლენასთან გვქონდა საქმე? რა იყო ამის მიზეზი?

- რეპრესირებული მეცნიერება (კომუნიზმის დროს);

- რეფორმა (წინა ხელისუფლების დროს), მეცნიერული სკოლები და მიმდინარეობები - სისტემის ჩამოშლა; ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციები;

- ხედვა რა უნდა გაკეთდეს. დიახ, ჩვენი მეცნიერება კიბერნეტიკასა და სოციალურ ფსიქოლოგიასთან ერთად ბურჟუაზიულ მეცნიერებად გამოაცხადეს და 1932 წელს აკრძალეს. ეთნოლოგიას

„ლოგია“ მოაცილეს და „გრაფიით“ შეცვალეს. ანუ აიკრძალა თეორიული კვლევა  და მხოლოდ ველზე მოპოვებული მასალის აღწერა (გრაფია) მიაკუთვნეს. ასეთი მეთოდი კი კითხვებზე რატომ?  როგორ?  რისთვის?  სრულყოფილ პასუხებს ვერ იძლეოდა. საჭირო იყო სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის  საფუძვლების მოშველიება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი დარგი რეპრესირებული დარგი იყო. იცით, რომ ის ხალხს ეხება და ხალხს სწავლობს. ხალხი ისეთი ფენომენია, რომ როგორ იდეოლოგიაშიც მოხვდება იმ მიმართულებას განავითარებს. სტალინმა ეს კარგად იცოდა.  საოცრებაა, მაგრამ ასევე პოლიტიკური მრწამსით რეპრესირებული იყო დარგის  მამამთავარი აკადემიკოსი გიორგი  ჩიტაია (ისიც ჩვენი განყოფილების წევრი იყო), მას საზღვარგარეთ კონგრესებზე  არ უშვებდნენ, თუმცა მის მოხსენებებს იღებდნენ  და აქვეყნებდნენ.  მას ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, სიკვდილიც კი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ სასწაულად გადარჩა.

როგორც არვნიშნე  სხვა მომიჯნავე დარგების მოშველიება  საზოგადოების ღირებულებების შესწავლის აუცილებლობამ მიოთხოვა. გავბედე და ჩავერთე ამ რუტინაში. აღმოჩნდა, რომ მე თავისთავად მივედი იმ სინამდვილესთან, ანუ რეალურად იმ მეცნიერების დარგთან, რასაც საზღვარგარეთ სოციალური (ევროპა)  და  კულტურული ანტროპოლოგია (ამერიკა) უწოდებენ.

ყველა ზემოთჩამოთვლილი დარგების ეთნოლოგიასთან დაახლოებამ  გამოიწვია  ის, რომ სრულიად არაპროგნოზირებად კვლევებს  პროგნიზირებადი ხასიათი მიენიჭე.

საზოგადოებში მიმდინარე გარკვეული პროცესების გასაანალიზებლად გამოვიყენეთ ანალიტიკური მიდგომა, რომელიც თავის თავში შეიცავს ისტორიულ ანალიზს. ეს უკანასკნელი ქართულმა კულტურამ მოითხოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება და სახელიც ეთნოლოგია შეირჩა, რადგანაც იგი განსხვავდება ევროპული მეთოდებისგან. (თუმცა ზოგიერთი მეცნიერის მიერ შემოიჭრა დასახელება სოციალური ანტროპოლოგია, რაც შედარებით ამცნობს დარგს, რადგანაც ანტროპოლიგია ყველაფრის არსებობს (ფიზიკური, ფილოსოფიის, სამედიცინო და სხვ. მრავალი).

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ არ არის გასაკვირი, რომ ეთნოგრაფიამ, როგორც მეცნიერებამ საბჭოური გაგებით, საზოგადოების განვითარების პროცესი სათანადოდ ვერ შეისწავლა და ამიტომაც ვერ შექმნა საზოგადოების გარდაქმნის რეფორმების თეორიები, განსაკუთრებით კი კრახი განიცადა ეროვნული იდეოლოგიის საკითხში. ამიტომაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიის გზაზე დამდგარ ახალგაზრდა სახელმწიფოებს უჭირთ უმტკივნეულოდ  განვითარება.

ეთნოლოგიის, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის ძირითადი მიზანი კი სწორედ ის არის, რომ შეისწავლოს კულტურათა განვითარების ისტორია, მისი ცვლილებები, აღწეროს ადამიანი და საზოგადოება მთლიანობაში.

30 წლის მანძილზე ეთნოლოგიაში შემოტანილი გვაქვს კვლევის ახალი საკითხები: გლობალიზაცია, ღირებულება, სამშობლო, იდენტობა, ქსენოფობია, მტრის ხატი, კიბერეთოგრაფია, მნემონიკური ერთობა, და სხვ. ძალიან საინტერესოა კოგნიტურ ეთნოლოგიაში მუსაობა. ყოველივე ამას ტრადიციული კულტურის მეშვეობით ვიკვლევ.

4. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თქვენ მიმართულებაზე. თქვენი კვლევის ობიექტია საზღვრისპირა რეგიონები  და იქ მიმდინარე პროცესები რაც დაკავშირებულია ეროვნულ უმცირესობებთან. გასულ პერიოდში ბევრი კონფლიქტი გადავიტანეთ - რა არის ის რჩევები რომელიც უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ რომ დღის წესრიგში არ დადგეს რომელიმე მიმართულებით ისევ კონფლიქტი?

- კონფლიქტები;

- გაცემული რჩევები;

- პრიორიტეტული მიმართულება რაზეც თქვენ მუშაობთ;

- თქვენი პროგნოზი - საქართველო არის გაქრობის დონემდე მისული, საქართველოში ომი არ შეიძლება, წითელ წიგნში შესაყვანი.

რაც შემეხება მე, ვიკვლევ საზღვრისპირა რეგიონებს  და იქ მიმდინარე პროცესებს. ეს იყო და არის ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემა.

საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა. აქ ცხოვრობდა რამდენიმე ათეული ეროვნების წარმომადგენელი, მათ შორის ათამდე კომპაქტურად დასახლებლი სასაზღვრო ზოლშია მოქცეული, თავისივე ეროვნების ხალხით დასახლებულ სახელმწიფოების მეზობლად. ჯავახეთში სომხებით დასახლებული ტერიტორია ესაზღვრება სომხეთს, ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები – აზერბაიჯანს, შიდა ქართლის ოსებით დასახლებული ტერიტორია - ალანიის ოსეთი რესპუბლიკას (მაღალი რისკის რეგიონები) პანკისელი ქისტები ვაინახები - ჩაჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას, ხუნძები - დაღესტანს. ( დაბალი რისკის რეგიონები). ჩემს მიერ რამდენიმე წლის წინ პროგნოზირებული მაღალი რისკიდ რეგიონებიდან ორი უკვე ოკუპირებულია.

ველზე მუშაობის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ადამიანების გონებაში არსებობს ეთნიკური საზღვარი, რომელიც საკმაოდ საშიში ფენომენია. ეთნიკური საზღვარი ეთნიკურ ჯგუფს ახასიათებს არა როგორც ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ წარმონაქმნს, არამედ როგორც ადამიანების კულტურულ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ ერთობას. იგი აღიქმება, არა როგორც ტერიტორიული საზღვარი, არამედ როგორც სუბიექტურად გაცნობიერებული და განცდადი დისტანცია, რომელიც განიხილება ერთაშორის ურთიერთობის კონტექსტში. ეთნიკური საზღვრები თავისთავში შეიცავს კულტურულ და სოციალურ დისტანციას. ეთნიკური საზღვრები სოციალურ ცხოვრებას თავისებურად აყალიბებს. ეთნიკური საზღვრები უფრო მჭიდრო და ხელოვნური ხდება, როდესაც ჯგუფის ეთნოკულტურულ ვარიაციულობას ცვლის მისი მოთხოვნების წინააღმდეგობრივი ხასიათის ზრდა. ამ დროს ეთნიკური საზღვარი უკვე ეთნიკურ შეტაკებათა ადგილი გახდება.

გასულ პერიოდში ბევრი კონფლიქტი გადავიტანეთ და ბევრი რჩევა მაქვს გაცემული. ახლაც ვაგრძელებ მუშაობას,  საინტერესო პროცესებია, ყალიბდება ჯგუფები, რომლებიც იდენტობას იცვლიან, ანუ ესაა მნემორიკურ ერთობაში, რომელიც არღვევს ეთნოსის ერთიანობის პრინციპებს და პოლიტიკური ნიშნით გაერთიანებულები ახალი ეთნოსად წარმოგვიდგებიან.  ეს შეიძლება  ითქვას ქვემო ქართლია აზერბაიჯანელებზე, ადრეულ პერიოდში აფხაზებზე. ვიკვლევ ღირებულება „სამშობლოს“ ფენომენს,  კერძოდ, ვინ როგორ და რა საზღვრებში მოიაზრებს სამშობლოს,  მაგალითად სომეხი, აზერბაიჯანელი. ესსკითხი ბმაშია ეთნიკურ საზღვართან.

რაც შეეხება კიბერეთნოგრაფიას, მას ქართული იდენტობის რაკურსში ვსწავლობთ. განვიხილავთ  თუ როგორ ხდება ქართული იდენტობის საზოგადოებრივი  წარმოდგენებისა  და რიტუალების  კლასიკური შესწავლის  სფეროდან  სოციალურ ქსელებზე ორიენტირება და  როგორ ასახავს ინტერნეტი ქართული საზოგადოების  ცხოვრების სტილის ცვლილებებს სოფლად და ქალაქად.

და ბოლოს, მინდა დავამთავრო იმით, რომ ამაყი ვარ, რადგანაც  ჩემი ცხოვრება მიუძღვენი მეცნიერებას, რომელმაც გამოავლინა ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი დემოკრატიული ღირებულებები.ცოტა ხნის წინ  საოცრად ახმაურდა სოციალური ქსელი, უამრავი „ბრავო“ დაიმსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის გამოსვლამ და უფრო მეტიც გერმანიის ვიცე-კანცლერის სიტყვამ, რომელმაც განაცხადა: "პირველი მსოფლიო ომის მერე, გერმანელი დემოკრატები ჩავიდნენ საქართველოში - რომ დემოკრატია ესწავლათ ქართველებისგან. ევროპა ელის საქართველოს!"

დიახ, ჩვენ ისეთი კულტურა გვქონდა, რომ არა მარტო მაშინ, არამედ ახლაც უნდა ვიამაყოთ. ჩვენს ხალხურ სამართალში ისე იყო გათვლილი  სახელმწიფო სამართლისა და ტრადიციული მორალის ურთიერთმიმართება, რომ დღევანდელ იურისპუდენციას შეშურდება.  არაფერს ვამბობ სხვა საკითხებზე.

2008 წელს, ომის დროს, მე, როგორც სპეციალისტი ვგრძნობდი, რომ ყალყზე იდგნენ მოძმე ქვეყნები, თუ ვერ გადავრჩებოდით, საქართველო დანაწევრდებოდა. მე როგორც მეცნიერი, ამას ვგრძნობდი. საქართველო არის გაქრობის დონემდე მისული, აქ ომი არ შეიძლება. თუ ეს მაინც მოხდა ევროპა, ამერიკა და საეთოდ მთელი მსოფლიო უნდა აღდგეს  ამის წინაარმდეგ, რადგანაც ომი დაღუპავს, ათასწლეულობით ნაშენ ქათრთულ კულურას და ქართველ ერს. ჩვენ ისტორიულად არ გვახასიათებს დაპყრობითი ომები და არც ახლა წავალთ ამაზე. 

ჩვენ იმდენად მილევად რეჟიმში ვართ, რომ არსებობდეს „წოთელი წიგნი“ ეთნოსებისათვის, ჩვენ იქ მიგვიჩენდნენ ადგილს.