mestia inn: შარშანდელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა იგივეა. ველოდებით, რომ თებერვალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება

mestia inn

მესტიაში მდებარე Mestia Inn-ში მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე განმარტავს, 10 იანვრამდე სასტუმროში საკმაოდ აქტიური ჯავშნებია, ხოლო შემდეგი პიკი კი უკვე თებერვლიდან იქნება.

„10 იანვრის ჩათვლით ჯავშნები აქტიურად გაქვს, ხოლო შემდეგ პერიოდში (თებერვლამდე) ზოგადად ყოველწლიურად ცოტა წყვეტაა, ხოლო თებერვლიდან სასტუმროს ჯავშნებიც იმატებს და სასტუმროს სტუმრების რაოდენობაც.

შარშანდელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა იგივეა. ველოდებით, რომ თებერვალში მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს სასტუმრო Mestia Inn-ის თანადამფუძნებელი.

Mestia Inn-ის სტუმრები ძირითადად უცხოელი სტუმრები არიან, რომლებშიც რუსეთიდან, გერმანიიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოსული ტურისტები ლიდერობენ.

გიორგი ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე Mestia Inn-ში ჯავშნების გაუქმება არ ყოფილა.

„მშვენიერი თოვლია და როგორც არსებულ ჯავშნებს ეტყობა, საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს. ჯერჯერობით არაფერი არ გაუქმებულა“, - ამბობს ჯაფარიძე.

გასულ ზამთრის ტურისტულ სეზონზე Mestia Inn-ის დატვირთულობა 60%-ის შეადგენდა და სასტუმროს მენეჯმენტს მიმდინარე სეზონზეც ანალოგიური მოლოდინები აქვს. გიორგი ჯაფარიძის თქმით, ბოლო პერიოდში გაზრდილია სტუმრების მხრიდან ღამისთევების რაოდენობა.