მეორე შანსი ათიათასობით მოქალაქეს - ვინ დაიბრუნებს ჩამორთმეულ მართვის მოწმობას

მართვის მოწმობა

39 წლის ვახტანგ ჯაბანაშვილი 3 შვილის მამაა. ოჯახს ძირითადად ტურისტების ტრანსპორტირებით არჩენდა. მართვის უფლება 3 თვის წინ ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციას ნარკოტესტზე უარი უთხრა. გვიყვება, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა, სამსახურის დაკარგვის, უამრავი პრობლემის და სინანულის ფასად დაუჯდა.

რამდენიმე დღის წინ მეორე შანსი მისცეს - საყოველთაო ამნისტიით მართვის უფლების დაბრუნების შანსი.

ახლა ყველაფერი მის ხელშია. ამ კატეგორიის კანონდამრღვევმა მომსახურების სააგენტოში დინამიკური დასკვნა უნდა წარადგინოს, დაამტკიცოს, რომ ნარკოტიკს აღარ მოიხმარს და მართვის უფლებასაც დაიბრუნებს. შეღავათი იმ პირებზეც ვრცელდება, ვინც მცირე ოდენობის ნარკოტიკის შენახვა ან მოხმარების გამო, 260-ე მუხლით გასამართლდა. დინამიკური დასკვნა მათაც უნდა წარადგინონ, თუმცა პრობაციის სააგენტოში.

მას, ვისაც ალკოჰოლური თრობის ან კიდევ რამდენიმე მიზეზით, მართვის უფლება აქვს შეჩერებული, საჭესთან დაბრუნებას პირველი იანვრიდან პირველ თებერვლამდე შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ფართომასშტაბიანი ამნისტია 35 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხება, მათ შორის, 20 000-მდე პირს მართვის უფლება ალკოჰოლის მოხმარების გამო შეუჩერდა. ამნისტია ერთჯერადია, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო შანსიც - პარლამენტმა შესაბამისი კანონებიც უკვე გაამკაცრა.

ფართომასშტაბიან ამნისტიაზე მოქალაქეებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ - ყველა თანხმდება, რომ აუცილებელია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

შეღავათი აღარ იქნება - ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების ერთადერთი გზა სიფხიზლე და სიფრთხილეა. მთავარი ახლა ისაა, ვინ როგორ გამოიყენებს მეორე შანსს.