„მეგონა, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, თურმე მწარედ ვცდებოდი...“ - ბორის ბედია

ბორის ბედია

რას ნიშნავს სიყვარული ბორის ბედიასთვის, რატომ არ ჩქარობს ის ოჯახის შექმნას და როგორია მისთვის იდეალური ქალი - ამ თემაზე ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:

„ლამაზი მანდილოსნები ძალიან მომწონს, მაგრამ რასაც სიყვარული ჰქვია, ეს გრძნობა ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. თუმცა, მივიჩნევ, რომ მაქვს სიყვარულის ნიჭი. მე ვფიქრობ, რომ სიყვარული მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ. თავს არავის ვამეტებ, მაგრამ ასე მჯერა.

სიყვარულს, ერთგულებას, ადამიანის დაფასებას ნიჭი სჭირდება. როცა ადამიანს ნიჭი არ გააჩნია, იმან არც სიყვარული იცის და არც არაფერი მსგავსი. მე მაქვს ამის უნარი. თან, ხელოვანი კაცი ვარ. რომ ვმღერი, ჩემს სიმღერას სიყვარულს ვუძღვნი, ეს შეიძლება იყოს სამშობლოს, მეგობრების, ქალის სიყვარული. თუ შენში სიყვარული არ არის, სიმღერაც არ გამოგივა.

ადამიანში მე ყოველთვის სიკეთეს ვეძებ. ვცდილობ, რამე კარგი დავიჭირო. არის შემთხვევები, როდესაც მინდა, სიკეთე დავინახო, მაგრამ ვერ ვხედავ. ზოგს დაბინძურებული აქვს გონება. მესმის, ცუდი ცხოვრებაა და ბევრი ცუდად აჰყვა ამ ცხოვრებას. ბევრი ლამაზია, მაგრამ ძალიან ამპარტავანი, ზუსტად ამ სილამაზიდან გამომდინარე. ეს საშინელებაა, ძალიან სამწუხაროა. არ უნდა იყოს ასე.

ადრე მეგონა, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სული იყო, თურმე, მწარედ ვცდებოდი. როგორ არა, კარგებიც არსებობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ლამაზი გოგოების უმრავლესობა ძალიან ამპარტავანი და თავხედია, რა ვქნა, ეს სიმართლეა და უნდა ვთქვა. ვინც ცოტა ნაკლებად ლამაზია, ის უფრო მეტად ადამიანური და სასიამოვნო საურთიერთოა. უშნო და მახინჯი რა მოსატანია. მე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ მახინჯი ქალი არ არსებობს, მაგრამ შედარებით ნაკლები სილამაზის გოგონებს ვგულისხმობ“,- ამბობს ბორის ბედია.