"მეჩვენება, რომ სასულიერო პირები ჩამოვრჩით, თავიანთ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას" - დეკანოზ დავით ციცქიშვილის ქადაგება

დეკანოზი დავით ციცქიშვილი

"რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად" ხშირად მასპინძლობს დეკანოზ დავით ციცქიშვილს, რომელიც ცნობილია თავისი საინტერესო ქადაგებებითა და საუბრებით. ამჯერად სასულიერო პირმა ისაუბრა თანამედროვე ადამიანზე, რომელსაც სულ სხვა ენით უნდა ესაუბროს მოძღვარი. უნდა შეიცვალოს მრევლთან სასულიერო პირთა მიდგომა, რომელიც მას მოძველებულად ეჩვენება.

მამა დავით ციცქიშვილი: საერთოდ, ქრისტიანული სათნოებაა მადლობდე უფალს ყველაფრისთვის. ეს არ არის ადვილი. ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, ვერ ვაფასებთ მანამ, სანამ არ დავკარგავთ. მადლიერების განცდაში ვიჭედებით. ქრისტიანობა ამისკენ მოგვიწოდებს. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ურწმუნოებიც ვართ, უმადურებიც, მრისხანებიც... 

ქრისტიანულმა მიდგომამ თანამედროვე ახალგაზრდაზე რომ იმოქმედოს და ის შემოატრიალო ეკლესიისკენ, ეს უკვე ხელოვნების ხელოვნება გახდა. რთული ამოცანაა, ახალ თაობას  გავაგებინოთ, სად ტყუვდება.  

მე მეჩვენება, რაღაც კუთხით, ჩვენ, სასულიერო პირები ჩამოვრჩით, იმ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას, არ ვითვალისწინებთ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რაც თანამედროვე ახალგაზრდასთან მოქმედებს. ჩამოვრჩით და ეს ყველაფერი გასაანალიზებელია. ეს ლამაზი სიტყვები და პათეტიკა არ არის.

მართლმადიდებლობაზე დიდი, ღრმა, ბრძნული, რეალისტური არც არაფერი ჰქონია საქართველოს, არც მსოფლიოს. მაგრამ დაანახვო, რამდენად რეალისტურის მატარებელია ეს, ურთულესი ამოცანაა.

ჩვენ მძიმე ჯვარს ვატარებთ და ამ მძიმე ჯვრის ტარებაში ეკლესიას თუ არ ჩაეჭიდე, შენი აჯობებს. მაგრამ ჩაჭიდება სხვა მოთხოვნებს გვიყენებს მოძღვრებს, როგორ უნდა შეიყვანო ადამიანი ამ სამყაროში. ენა მოძველებულია, პათეტიკაა. ფრაზები წმინდა წერილიდან, მოწოდებები, აღარ ჭრის. შეიძლება საწინააღმდეგო მიმართულებისკენ გაუშვას ადამიანი. დღევანდელი თაობის ფსიქოლოგიური პორტრეტიდან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს ენა და მიდგომა, რომ გავაგებინოთ რა არის მართლმადიდებლობა. მიწოდება უნდა შეიცვალოს. მეჩვენება, რომ ადამიანური მხარე მეტად უნდა წამოიწიოს წინ. ჰუმანური მხარე. ამგვარად - მე მესმის შენი ბრძოლები, ეჭვები, განცდები, სისუსტეები... უნდა გავუგოთ, მაგრამ უნდა ვუთხრათ, მესმის, მაგრამ იმის იქით ღვთაებრივი სამყაროა, სხვა კანონებია.

წარმოიდგინეთ, რა ძალა და ინტელექტუალური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ბოროტ ძალას, ეშმაკს ღმერთს რომ ებრძვის. რამხელა გამოცდილება აქვს. გაოგნებული ხარ მისი ვერაგობით, მზაკვრობით. 

დემონმა შეიძლება წლები უყუროს ადამიანს, დააცადოს, იცის მისი სუსტი მხარეები და დემონური ჩახუჭუჭებით მოდუნებულს დაარტყამს. ყველაზე მეტად ბოროტი სასულიერო პირებს ურტყამს. რადგან ისინი წინა რიგებში დგანან.  ეშმაკი ისეთი დახვეწით და მოთმინებით იბრძვის ელოდება შენს მოდუნებას, რომ ახალი ძალით შემოგიტიოს. მაგრამ უფალზე ძლიერი არ არის ეს ძალა. ცხონება ყველა დროს არის შესაძლებელი. ახლა დრო დადგა სხვანაირად მივუდგეთ ადამიანებს. 

ჩანაწერს სრულად ნახავთ ბმულზე.