"მამას სიცოცხლე წაართვეს, თუმცა, ვერ მოკლეს მთავარი - იდეა ერთიანი და ძლიერი საქართველოს შესახებ" - გიორგი ჯინჭარაძე

გიორგი ჯინჭარაძე

"1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის დღეს, მამას სიცოცხლე წაართვეს. თუმცა ვერ მოკლეს მთავარი - იდეა ერთიანი და ძლიერი საქართველოს შესახებ, რომლისთვისაც ის იბრძოდა. ეს იდეა დღესაც ცოცხლობს და თითოეული ჩვენგანის გულში აგრძელებს არსებობას,"- წერს სოციალურ ქსელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

გიორგი ჯინჭარაძე 1992 წელს გაგრაში დაიბადა.

"მაშინ, როცა მე მხოლოდ ხუთი თვის ვიყავი, დედა მარტო დარჩა სამ შვილთან ერთად. მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, მისმა სიმტკიცემ და რწმენამ შეძლო, ღირსეულად აღეზარდა შვილები და შეგვიძლია სწორედ მის მაგალითზე ვთქვათ, რომ ჩვენი გზა სიძულვილით კი არა, მშვიდობითა და სიყვარულით უნდა გაგრძელდეს.
დღეს, როგორც შვილი, მე ვიხსენებ მამას, როგორც გმირს, ხოლო, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვიხსენებ მას და მის თანამებრძოლებს, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლებს. მათი სიცოცხლით გადახდილი ფასი გვავალდებულებს, რომ ბრძოლა სამშობლოს გამთლიანებისთვის გაგრძელდეს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით იმ მიწაზე, რომლისთვისაც მათ თავი გაწირეს. ეს დაბრუნება იქნება თითოეული ოჯახის, მთელი საქართველოს გამარჯვება, ქვეყნის გამთლიანება და სამართლიანობის აღდგენა.ჩვენი გმირების მემკვიდრეობაა რწმენა, რომ საქართველოს მომავალი იქნება მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი. ამ რწმენით ავაშენებთ მომავალს, სადაც მსგავსი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდება," -  წერს გიორგი ჯინჭარაძე.