"მაიამიში მდიდარი ადამიანის პირადი ასისტენტი ვიყავი" - მარიამ ლამაზის გზა გორიდან ამერიკაში

მარიამ ლამაზი

მარიამ ლამაზი ერთ-ერთი პოპულარული ქართველი ინფლუენსერია, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებით სარგებლობს. მარიამს ფერადკანიანი ქმარი ჰყავს და მაიამიში ცხოვრობს. საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოდის სტუმრად. მომავალში ის საკუთარი წიგნის გამოცემას აპირებს, სადაც საკუთარ გამოცდილებას მკითხველს გაუზიარებს.

მარიამმა „პრაიმ ტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- მარიამ, რატომ ჩამოხვედით საქართველოში?

- 2 აპრილს 33 წლის გავხდი, ძალიან მიყვარს ცვლილებები ცხოვრებაში და გადავწყვიტე ჩემი ოჯახის წევრებისთვის სიურპრიზი მომეწყო  და მათთან ერთად გადამეხადა დაბადების დღე. წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ საქართველოში. ორი შვილი მყავს ლუკა და ლეილა.

- რამდენი წელია რაც ამერიკაში ცხოვრობთ და რატომ წახვედით ემიგრაციაში?

- მე დავიბადე მოსკოვში, როცა არეულობა დაიწყო საქართველოში დავბრუნდით და მამიკომ ძალით წაგვიყვანა ამერიკაში. მაშინ 20 წლის ვიყავი და უფრო კარგი ცხოვრებისთვის წავედით იქ. 9 თვე ვიცხოვრე საქართველოში, აქ მილაგდებოდა ცხოვრება და მოულოდნელად ახალ ქვეყანაში წავედით საცხოვრებლად. მახსოვს ეს არ მინდოდა, მაგრამ ასე მოგვიწია. შემდეგ, დედა და მამა დაშორდნენ, მე, ჩემი ძმა და მამა კი დავრჩით ამერიკაში. ჯერ ბოსტონში ვცხოვრობდით, შემდეგ მაიამიში გადავედით. ძალიან ლამაზია მაიამი, იქ ცხოვრება ძვირია, მეც მინდა ლამაზი და მდიდრული სახლი მქონდეს, დარწმუნებული მაქვს აუცილებლად ამიხდება ეს ოცნება და ყველას დავპატიჟებ.

- რუსეთში ხართ დაბადებული?

- გორში დავიბადე და 2 წლის ასაკში წამიყვანეს რუსეთში. 18 წელი მოსკოვში ვიცხოვრეთ. შემდეგ არეულობები დაიწყო, იმის მიუხედავად რომ რუსული გვარი მაქვს ქართველებს ცუდად გვექცეოდნენ და აქ ჩამოვედით. 

- რა გვარი ხართ?

- არ ვამბობ.

- როგორ შეიქმნა მარიამ ლამაზი?

- არ მინდოდა გვარის დაწერა და როცა პირველად შემოვიდა სოციალური ქსელი კონტაქტი დავირქვი მარიამ ლამაზი.

- მაიამიში ულამაზეს სახლში ცხოვრობთ...

- ესეც ჩვენი სახლია, მაგრამ ისეთი ლამაზი არ არის როგორიც მე მინდა. როცა ამერიკაში წავედით, მამამ იქ თავის ბიზნესს მოკიდა ხელი. მე დავიწყე სტილისტად მუშაობა. ხუთი წლის შემდეგ მომბეზრდა სტილისტობა, ჯერ ფიტნეს დარბაზში დავიწყე მუშაობა ადმინისტრატორად, შემდეგ ივენთ-მენეჯერი ვიყავი. მოგვიანებით კი სივი გავგზავნე დასაქმების საიტზე და მაიამიში მდიდარი ადამიანის პერსონალური ასისტენტი გავხდი.

- მეუღლე როგორ გაიცანით?

- 26 წლის ასაკში გავიცანი ჩემი ქმარი. ყოველთვის მიყვარდა სოცქსელები და როცა პერისკორი გამოვიდა, ლაივებში გავდიოდი, ერთხელაც მაიმიდან მომწერა „ფერარი 187-მა“, ამ სახელმა მიიქცია ყურადღება. ჩემს დაქალს სქრინი გავუგზავნე და ვუთხარი მგონი ჩემი მომავალი ქმარი ვიპოვე-მეთქი. ერთი თვე ვწერდით ერთმანეთს, პაემანზე არ მეპატიჟებოდა და მე ვუთხარი, მე არ მჭირდება ონლაინ ფრენდი და პაემანზე დამპატიჟე-მეთქი. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება და 8 წელიწადია ერთად ვართ. გვყავს ორი შვილი.

მეცხრე კლასიდან მინდოდა შავკანიანი ქმარი მყოლოდა, მაგრამ რუსეთში და საქართველოში ცხოვრებისას ეს წარმოუდგენელი იყო. გარუჯვა მიყვარს ძალიან და მინდოდა ბუნებრივად გარუჯული შვილები მყოლოდა.

როცა გავიცანი ჩემმა მომავალმა საქმრომ მომატყუა რომ არის უბერის მძღოლი. ბავშვობიდან მინდოდა ისეთ კაცთან დამეწყო ურთიერთობა, რომელთან ერთადაც შევქმნიდი ყველაფერს და ასეთი აღმოჩნდა ჩემი მეუღლეც. მშრომელი ადამიანია, ახლა ოჯახურ ბიზნესშიც ჩაერთო, ჩვენს ოჯახს მაიამიში ავტოსამრეცხაოების ბიზნესი აქვს.

 

- როგორც ვიცი ბავშვებს ძიძის გარეშე ზრდით...

- ამერიკაში ძიძა არ მყავს. ძნელია ყველაფრის მოსწრება და ორი ბავშვის აღზრდა,  დილის 5 საათზე ვიღვიძებ, მივდივარ სავარჯიშოთ, როცა სახლში ვბრუნდები მერე უკვე სულ ბავშვებთან ერთად ვარ. ჩემებიც ძალიან მეხმარებიან.

 

- ქართულ ტრადიციებს თუ მიაჩვიეთ მეუღლე?

- მე თვითონ არ ვარ ტრადიციების მოყვარული ადამიანი. უბრალოდ ახალი წლის აღნიშვნას მივაჩვიე. მაიამიში ახალ წელს 24 დეკემბერს ზეიმობენ, ეს თარიღი კი ჩემთვის არაფერია, ამიტომ 31 დეკემბერსაც ავღნიშნავთ. ქართული კერძებიდან მხოლოდ ხინკალი უყვარს ჩემს ქმარს, მე კი ხინკლის მომზადება არ ვიცი. მხოლოდ ფენოვან ხაჭაპურს ვაკეთებ.

 

- რითი მოგხიბლათ თქვენმა მეუღლემ?

- პირველივე შეხვედრაზე მივხვდი რომ თბილი და ყურადღებიანი მამაკაცი იყო. ასევე, ბართან როცა შევუკვეთეთ სასმელი ბარმენს უთხრა ბარათი დაიტოვეო და ამაზე გავგიჟდი. მეორე შეხვედრაზე ჩეკი მე მომცა და მითხრა,  თიფი შენ ჩაუწერე მიმტანსო, მერე გაირკვა თურმე მათემატიკა არ იცოდა -  20 % ვერ გამოთვალა კარგად და იმიტომ მომცა.

- სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად წონის და ფერადკანიანი მეუღლის გამო გაკრიტიკებენ...

- დიდხანს ვებრძოდი წონას, ბულემიაც მქონდა ამის გამო, მაგრამ დროულად განვიკურნე. ერთხელ 96 კილოგრამიდან 60 კილოგრამზე ჩამოვედი და ახლა როცა იმ სურათებს ვუყურებ, მეცოდება ის მარიამი რომელსაც სჯეროდა რომ აუცილებლად გამხდარი უნდა ყოფილიყო.  ახლა 97 კილოგრამი ვარ და ბედნიერი ვარ. რადგან ჩემმა ქმარმა დამაჯერა რომ ამ ფორმაში ვარ იდეალური.