კოფეინმა, შესაძლოა, დაბერების პროცესი შეანელოს - კვლევა

კოფეინი

ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ კოფეინი გამოფხიზლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, რომელსაც თითქმის ყოველ დილას ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ კოფეინი ჯანსაღ დაბერებასაც უკავშირდება. ახალ კვლევაში დეტალურადაა განხილული ის უჯრედოვანი მექანიზმები, რომლებიც ამ კავშირზეა პასუხისმგებელი.

დედოფალ მერის უნივერსიტეტისა (QMUL) და ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევისას, ადამიანის უჯრედების შემცვლელად Schizosaccharomyces pombe (ე.წ. გაყოფის საფუარი) გამოიყენეს. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ მოქმედებდა კოფეინი უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და დაზიანებული ქსოვილების აღდგენაზე.

„სწორედ ეს მცდელობა დაგვეხმარა იმის გაგებაში, თუ რატომ არის კოფეინი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის სასარგებლო", - ამბობს ბიოქიმიკოსი ჯონ-პატრიკ ალაო, დედოფალ მერის უნივერსიტეტიდან. 

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინს რაპამიცინის სამიზნის (TOR) მართვა შეუძლია. რაპამიცინის სამიზნე არის უჯრედული ცილა, რომელიც უჯრედის ზრდასა და მეტაბოლიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

უახლესი ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ მართალია, კოფეინი რაპამიცინის სამიზნესთან უშუალოდ არ ურთიერთქმედებს, მაგრამ მას AMPK-ს (ადენოზინმონოფოსფატით აქტივირებული პროტეინკინაზა) მეშვეობით აკონტროლებს. AMPK არის ფერმენტი, რომელიც უჯრედებისთვის ერთგვარი საწვავის საზომის როლს ასრულებს. იგი მაშინ აქტიურდება როცა უჯრედებში ენერგია იკლებს და ორგანიზმი ენერგიის დამზოგავ რეჟიმზე გადაჰყავს.

„როდესაც თქვენს უჯრედებს ენერგია აკლდება, სწორედ მაშინ იწყებს AMPK მოქმედებას და უჯრედებს დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება. ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ კოფეინი ამ მექანიზმის გააქტიურებას ხელს უწყობს", - ამბობს გენეტიკოსი და ბიოლოგი შარალამპოს რალისი.

კვლევამ აჩვენა, რომ კოფეინი უჯრედის სამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე მოქმედებს და მათ ზრდაში, დნმ-ის აღდგენასა და სტრესზე რეაგირებაში ეხმარება. შედეგად, ეს პროცესი უჯრედების ჯანმრთელი მდგომარეობის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს. 

როდესაც მკვლევრებმა კოფეინით გამოწვეული ჯაჭვური რეაქცია განზრახ გაწყვიტეს, უჯრედებმა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იგივე თვისებები ვეღარ გამოიმუშავეს. ეს ფაქტი, კოფეინის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო გამოყენებისკენ გვიბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი სახის მედიკამენტი ან მკურნალობა ჯერ კიდევ შორი პერსპექტივაა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ აღნიშნული მიგნება საფუვრის უჯრედებში გაკეთდა და არა ადამიანისაში. მკვლევრებს ჯერ კიდევ მეტი დეტალის დაზუსტება სჭირდებათ იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთქმედებს კოფეინი AMPK-სა და TOR-თან.

ახლა დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მომავალში, სულ უფრო მეტად გავიგებთ კოფეინის მოხმარების დადებით ეფექტებზე, იქნება ეს სხეულის ცხიმის შემცირება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან დაცვა თუ დემენციის თავიდან აცილება.