ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ყალიჩავას განცხადებით, საქართველოში ბევრი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცემოდეს.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, სამშენებლო ნებართვის გაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენობა ხარისხიანად შენდება. მისი შეფასებით, სანქციები გამოსავალი არ არის და ყველა დეველოპერს მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
„ნამდვილად გვაქვს მოცულობითი სანქციები. სახელმწიფო ორგანოების დაკვირვების მიხედვით, გამკაცრება ეტაპობრივად ხდება და კოდექსში ცვლილებები შედის. პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „ერთ ქვაბში იხარშება“ ყველა ტიპის დარღვევა. მოქალაქე, რომელიც საცხოვრებელ სახლს აშენებს ან კონსტრუქციას აკეთებს, და დეველოპერი ერთი და იმავე სტანდარტს ექვემდებარებიან. ეს ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია: მოქალაქესთან მიმართებით ზედმეტია, დეველოპერთან მიმართებით კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. მე სანქციებში გამოსავალს არასდროს ვხედავ ხოლმე. მთავარი ის არის, რომ სანქციებამდე არ მივიდეთ.
პირველი - ქვეყანას ბევრი ნებართვა არ სჭირდება. უკვე საკმარისად აშენებულია შენობა-ნაგებობები. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებას შევზღუდავდი. შესაბამისი კვლევების საფუძველზე გამოვიკვლევდი საჭიროებას და მშენებლობებს მხოლოდ ამ შესაძლებლობის ფარგლებში დავუშვებდი.
მეორე, ყველა დეველოპერმა არ შეიძლება რომ ააშენოს, საქმიანობა ლიცენზირებული უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სანდო კომპანია შემოდის ბაზარზე, დავუდგინოთ მას პირობები და შემდეგ შევაფასოთ, რამდენად სწორად მოქმედებენ ლიცენზირებული კომპანიები.
მთავარი ისიც უნდა იყოს, რომ „ჰაერის გაყიდვა“ აიკრძალოს. პროექტის ფარგლებში განაშენიანებას გააკეთებს დეველოპერი და შემდეგ ყიდის. ამ შემოსავლების საფუძველზე აშენებს. ორი კაცი შეამხანაგდება და შედეგად ვიღებთ დაუმთავრებელ, უხარისხო მშენებლობას. ბუნებრივია, ეს რისკია. ამიტომ, თუ განაშენიანების საფუძველზე „ჰაერის გაყიდვას“ ავკრძალავდით, ბაზარზე ისეთი კომპანიები დარჩებოდნენ, რომლებსაც თავიდანვე შეუძლიათ მშენებლობის ფინანსურად და ხარისხიანად უზრუნველყოფა“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია.
„ძალიან ბევრია სამუშაო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. საზოგადოებაში ცოდნის ამაღლება სფეროს უშველიდა და უფრო მეტად პოზიტივისკენ წაიყვანდა, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.