1777391077
კიდევ ერთხელ ვიხსენიებთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით... - მეუფე შიო
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.
დღეს, ჩვენ განსაკუთრებით ვიხსენიებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, გვახსენდება მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა, ყოველი დეტალი, მისი ყოველი ნათქვამი და იგი მრავალმხრივ იყო მაგალითი ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში, - განაცხადა მეუფე შიომ.
"უფალმა იესო ქრისტემ ერთხელ უთხრა სადუკეველებს, ღმერთი არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა და ჩვენ გვწამს, რომ სიკვდილის შედეგად ადამიანი არ ქრება, არამედ გადადის სხვა, მარადიულ სამყაროში, ეზიარება სულიერ ცხოვრებას. დღეს, ჩვენ განსაკუთრებით ვიხსენიებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, გვახსენდება მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა, ყოველი დეტალი, მისი ყოველი ნათქვამი და იგი მრავალმხრივ იყო მაგალითი ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში. მაგრამ, დღეს, მათ შორის მინდა გამოვყო, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ. ჩვენ გვახსოვს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მისი მშობლების მიმართ, წინაპრების მიმართ, მეფეების, დედოფლების, კათოლიკოს პატრიარქების მიმართ, როგორი ცოცხალი დამოკიდებულება ჰქონდა და როგორ გვასწავლიდა ამ ყველაფერს ჩვენ. ეს მაგალითი დაგვიტოვა სხვა ყველაფერთან ერთად. დღეს ჩვენ მას კიდევ ერთხელ ვიხსენიებთ დიდ სიყვარულით, დიდი მადლიერებით, მისი ღვაწლისთვის, მისი დანატოვრისთვის და ღმერთმა მოიხსენიოს, აცხონოს და შეიწყალოს მისი უკვდავი სული", - განაცხადა მეუფე შიომ.











