„ხვიჩამ ქართველ ბავშვებს მესის და რონალდუს მაისურებზე, საკუთარი გადააცვა“ - წიგნი კვარაზე უკვე იტალიელების ხელშია

giorgi

იტალიურად თარგმნილი გიორგი კეკელიძის წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე უკვე გამოსულია და მისი პრეზენტაცია ნეაპოლში ხვალ შედგება.

"ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი" ჩვენთან 25 მაისს გამოვიდა და დიდი მოწონებით სარგებლობს. 

როგორც გიორგი ფეისბუქზე წერს, წიგნის წარმატებას იტალიური მედიის მხარდაჭერა და იტალიელების ინტერესი განაპირობებს.

"დღეს გამოვიდა წიგნი, რომელსაც, ზუსტად ვიცი, არ ექნება მეორე რიგის როლი იტალიელებისთვის საქართველოს გასაცნობად. ამას დიდი მედია-მხარდაჭერა და მოქალაქეების ინტერესი განაპირობებს, წინასიტყვაობის ავტორი კი, აკა მორჩილაძესთან ერთად - დიეგო მარადონა უმცროსია. საქართველოში ეს წიგნი შეიყვარა ბევრმა და უმცირესი გაღიზიანდა. მათგან კიდევ უფრო მცირე ნაწილს უკვე ვუპასუხე შესაბამისად, ხოლო მეორე, შედარებით უფრო კეთილგონიერს ახლა ვუპასუხებ. და ამით დავასრულებ თემის ამ ნაწილზე საუბარს.


  ხვიჩას შევხვდი მხოლოდ ერთხელ, როცა წარმატებული სტუდენტები წავიყვანეთ ნეაპოლში და მას მერე არც მე და და არც მას არავითარი კონტაქტი არ გვქონია, მათ შორის არც სატელეფონო. ორივე საკუთარ საქმეებს ვაკეთებდით და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. წიგნის წერისას , სხვადასხვა საინტერესო ისტორიის შეშველებით, მეხმარობდნენ ბატონი ბადრი და ქალბატონი მაკა, ხვიჩას მშობლები, რომლებიც არიან კიდეც ამ წიგნის კონსულტანტები.

ქილიკი, რომ ამ სეზონში ხვიჩა საკუთარი თავისის აჩრდილია და წიგნი მასზე ნაადრევია - არსით არის აბსურდული და დიდწილად დიდხნიანი ჩასაფრების შემდეგ ვითომ ობიექტური შეფასება გახლავთ:

1) ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება, შარშანდელი ფორმისაგან შორს არის, მაგრამ ეს კლუბში დიდი ცვლილებების გამო უფროა და მეორეც - ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერა გულისხმობს გარდაუვალ ზიგ-ზაგს.

2) შეფასება, მით უფრო სამწერლო, კალენდალური ამბავი არ არის - ხვიჩამ იმ ერთი სეზონით უკვე ფუნდამენტური საქმე გააკეთა, ქართველ ბავშვებს მესის და რონალდუს მაისურებზე საკუთარი გადააცვა, სამშობლოში ფეხბურთისადმი ნიჰილიზმი გააუქმა (მერე სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც შეემატნენ), ხოლო ქართულ ემიგრაციაში სიამაყის ტალღამ გადაიარა. გადაიარა, მაგრამ ამ ტალღას სხვა საყრდენი სჭირდებოდა, რომელიც მე ვიგრძენი მაშინ, როცა ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკის გახსნაზე ჟურნალისტებმა მკითხეს- გვქონდა თუ არა კულტურა, რა განგვასხვავებდა რუსეთისგან და იყო თუ არა საქართველოში შესაბამისი საფეხბურთო ტრადიცია. ამ წიგნის მთავარი განზრახვა ეგ იყო - ხვიჩას ელჩობით, ფრაგმენტულად და ესკიზურად ფეხბურთელის წინაპრები, სოფელი, კუთხე, სამშობლო, ქართული ფეხბურთის ისტორია და სხვა ამბები გაეცნო. და ამას გააკეთებს კიდეც. და ხვიჩა ითამაშებს დიდ ფეხბურთს. და მასზე უკეთესი წიგნებიც დაიწერება" - წერს გიორგი სოციალურ ქსელში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

"ნიჭს უფალი გაძლევს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო" - ტარიელ ხარხელაური 78 წლის გახდა

"საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… მე თავისუფლება ვერ დავთმე... მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც იყოს მშვენიერი" - ზეიკო ბოცვაძე