ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა

gwp

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს, - ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეაბილიტაციის შემდეგ ექსპლუატაციაში შევა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები. პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ტარდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

„რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო - წყალარინების ქსელი 6 მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი 2 მეტრის სიღრმეზე გაკეთდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიორგი ვეშაპიძემ.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ჯივიპიმ რუსთაველის გამზირზე არსებული მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა“, - განაცხადა ჯივიპის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

✕