პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს National Geographic-ის, Bloomberg-ის, Wanderlust-ის ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო კულინარიული ფესტივალის Nat Geo Food Fest-ის ორგანიზატორებთან. მოლაპარაკება შედგა ჩინეთში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული კომპანიის China Ready-ის წარმომადგენლებთან.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს სტენდთან საშუალება მომეცა შევხვედროდი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა დაიწყო, რაც ძალიან სასიხარულოა, ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომ ჩინეთში საქართველოს ტურისტული მიმართულება გახდეს უფრო ცნობადი და უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“,-აცხადებს მარკუს ლი კომპანია China Travel-ის ხელმძღვანელი.
მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.
ITB Berlin 2024-ის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოაჩინონ.
ITB Berlin 2024-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენაზე წარმოდგენილი 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ ამ სლოგანით 2023 წელს, საქართველო, ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგა. საქართველოს სტენდი გამოფენის მთავარი სტენდი იყო, სადაც ათასობით სტუმარი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასა და კულტურას გაეცნო.