1740477955
ირაკლი ქარსელაძე დიდთოვლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე: ყველა შესაბამისი სამინისტრო და სამსახური ჩართულია და კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის მიხედვით

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ტექნიკა, ისევე, როგორც ადამიანური რესურსი, ადგილზეა, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან.
„რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი სამინისტრო და შესაბამისი სამსახური ჩართულია და კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის მიხედვით. კავშირის დამყარება მოხდება იმ მდებარეობებთან, სადაც ახლა არ არის კავშირი”, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს უმეტეს რეგიონში დიდთოვლობაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გუშინ გურიის რეგიონში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა. პრემიერის განცხადებით, სტიქიასთან საბრძოლველად სრულად იქნება კოორდინირებული და მობილიზებული ყველა უწყება.