ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ. შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების N3 დანართში ჩამოთვლილია ის პროფესიები და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაეებისთვის ნულოვანი კვოტა განისაზღვრა შემდეგ საქმიანობებზე: საკურიერო მომსახურება, მგზავრთა გადაყვანა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდება. დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ, საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, ან ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ. საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.