იქმნება სტატისტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ტრეინინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ

გოგიტა თოდრაძე

იქმნება სტატისტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც მსურველებს ტრეინინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია და პირველი ტრეინინგი დიდი ალბათობით ოქტომბერში ჩატარდება.

„ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და ჩვენ ერთდღიან კურსს ჩავუტარებთ, ყველანაირ ნიუანსს გავუზიარებთ. არა მხოლოდ თეორიას, არამედ მისი გაანგარიშების პრაქტიკას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყოთ მაქსიმალურად გამჭირვალეები და პასუხი გავცეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში წამოსულ ნებისმიერ შეკითხვას. სხვათა შორის, პირველი ტრეინინგი ოქტომბერში ჩატარდება დიდი ალბათობით. ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილი გვაქვს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებასაც მოვახდენთ“, – განაცხადა თოდრაძემ.