იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი - ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ

ილია მეორე

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობის, ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ – პიროვნებისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის დიდად პატივსაცემი სულიერი მამა იყო. მისი ხანგრძლივი მსახურების განმავლობაში, რომელიც 1977 წელს დაიწყო, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და ერთგულებით ხელმძღვანელობდა ეკლესიას, ურთულეს პერიოდებში ინარჩუნებდა მას და მხარს უჭერდა მის სულიერ განახლებას.

მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის სახელით, მსურს, გამოვხატო თქვენ მიმართ, წმინდა სინოდის და ყველა მორწმუნის მიმართ ჩემი უღრმესი სამძიმარი და დაგარწმუნოთ, რომ ამ გლოვის დროს თქვენთვის ვლოცულობთ.

ვანდობ განსვენებული პატრიარქის სულს უფლის მოწყალებას და ვლოცულობ, რომ ყველამ, ვინც მას გლოვობს, ნუგეში ჰპოვოს“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერს დიდი კომენდატორი, ფრა ემანუელ რუსო.