გველოდება თუ არა ,,შავი ჭირის'' ეპიდემია - ბიოლოგის განმარტება

შავი ჭირი

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი ფილტვის ჭირით გარდაიცვალა. შემთხვევამ, როდესაც ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ბევრს შუა საუკუნეების ყველაზე ბნელი კოშმარი - „შავი სიკვდილი“ გაახსენა. ნუთუ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი სენი ბრუნდება? საიდან ჩნდება ეს დაავადება დღეს, სად იმალება მისი ბუნებრივი კერები და რამდენად რეალურია ახალი გლობალური ეპიდემიის საფრთხე? აღნიშნულ თემაზე ცნობილი ქართველი გეოლოგი, პალეონტოლოგი, ბიოლოგი და პოპულარული სამეცნიერო შემეცნებითი პროექტების ავტორი და მკვლევარი ვასილ გაბუნია „იუთუბის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს:

მისი თქმით, ქალის მდგომარეობა ინფიცირებიდან მალევე დამძიმდა და გარდაცვალებამდე მასთან დაახლოებით 200 ადამიანს ჰქონდა კონტაქტი. გაბუნიას განმარტებით, გამოვლენილი კონტაქტები იზოლირებულნი არიან და მათ
შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

„შავი ჭირი არის ძალიან რთული დაავადება, რომელიც საკმაოდ მაღალი პროცენტით სიკვდილიანობით ხასიათდება. თუმცა დღეს ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას. დაავადებას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis და არა ვირუსი. შავი ჭირის ყველაზე მძიმე ფორმებს შორისაა ფილტვის ფორმა, რომელიც შესაძლოა
ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელდეს და მძიმე ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. შავი ჭირის ბუნებრივი რეზერვუარები ძირითადად მღრღნელები არიან - მათ შორის მემინდვრიები,
ზაზუნები, მიწის კურდღლები და სხვა სახეობები. დაავადების ადამიანზე გადაცემაში კი მნიშვნელოვანი როლი შეიძლება რწყილებმა შეასრულონ, რომლებიც ინფიცირებული ცხოველის სისხლით იკვებებიან. იერსინიას არაფერში არ აწყობს, რომ ცხოველი მალე მოკვდეს. თუ მე მოვკალი ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ვცხოვრობ, ფაქტობრივად ვანადგურებ იმ საარსებო გარემოს, რომელშიც მე მიწევს ცხოვრება“, -  აღნიშნავს გაბუნია და განმარტავს, რომ მღრღნელები ინფექციის მიმართ ადამიანებზე უფრო მდგრადები არიან და ბუნებაში ბაქტერიის რეზერვუარის როლს ასრულებენ.

ბიოლოგი შავი ჭირის ისტორიულ პანდემიებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ დაავადებამ კაცობრიობის ისტორიაში
მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე იყო ე.წ. შავი სიკვდილის ეპიდემია XIV
საუკუნეში, რომელმაც ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა. გაბუნიას განმარტებით, შავი ჭირი დღესაც არსებობს და მისი ბუნებრივი კერები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდება.

 

✕