„გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი... დარჩენილ გზას რომ გამილამაზებს ისეთი დღე იყო“ - ნიკო კვარაცხელიას დედა

ნიკო კვარაცხელია

2 მარტს სასტუმრო „რუმსში“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას „ნიკოს ფონდისა“ და იმ აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ფონდი ახორციელებს.

აღნიშნულ შეკრებას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„დედა ამქვეყნიური ანგელოზიაო, ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტი ფორმულირებაა, ხო და გუშინ ანგელოზთცვენის მომსწრე ვიყავი ♥️

ემოციური, ჩემთვის ტკივილით სავსე, მაგრამ მთელს დარჩენილ გზას რომ გამილამაზებს ისეთი დღე იყო, ცრემლი ღიმილი, მოგონებები და კეთილი სურვილები, ჩვენი, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის.

მადლობა ჩემს Nino Zambakhidze-ს ჩემთვის ყველაფერში გამორჩეულს, ადამიანს, ქალს, დედას, მეგობარს, რომელმაც ეს დღე გვაჩუქა, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ლამაზი დღისთვის, ჩემთვის ხართ თითოეული იქ მყოფი მაგალითი საუკეთესო დედობის და კარგი ადამიანობის.

მინდა დედის დღე მოგილოცოთ.

„რა მაოცებს საქართველოში და ქართველი ქალი! ზურგით მთრევი საქართველოსი…“ უთქვამს აკა მორჩილაძეს.

ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ეს ტვირთი უხსოვარი დროიდან აწევთ მართლაც ჩვენს ქალებს, დედებს, ყოველი დღე დედის უნდა იყოს, სულიერ სიძლიერეს, ჯანმრთელობას და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ უკლებლივ ყველას,“ – წერს იზა ომაძე.