გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით პატრიარქი ილიას ეპოქაში და გვქონდა მასთან შეხება - მეუფე ანდრია გვაზავა

მეუფე ანდრია გვაზავა

 სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.

ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე.

გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას თქმით, საქართველოს ჰყავდა უნიკალური პატრიარქი და ძალიან მალე უფრო მეტად დააფასებს ყველა, რომ ცხოვრობდა პატრიარქი ილიას ეპოქაში.

"ჩვენი ყველას მწუხარებაა ეს. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ვინმესი მეტად არის და ვინმესი ნაკლებად, ეს, რა თქმა უნდა, პიროვნული განცდაა, მაგრამ ყველას მწუხარებაა. ჩვენ გვყავდა უნიკალური პატრიარქი. გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგადა ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით პატრიარქი ილიას ეპოქაში და გვქონდა მასთან შეხება. მან დაგვიტოვა მისი გენიალური ტრიადა - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", - განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ.

მათთვის, ვისაც ილია II-ისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. 21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.

პატრიარქს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა ქართულ ეკლესიას, კვირას, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალავენ.