გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

სს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტემპერატურის მატება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეინიშნება, ტყის ხანძრების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ამის დრამატული მაგალითი უკვე დაფიქსირდა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში – ესქიშეჰირის პროვინციაში, სადაც ძლიერი ხანძრის ქრობისას 10 მეხანძრე დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ტრაგედია ქარის მიმართულების მოულოდნელმა ცვლილებამ გამოიწვია, რის გამოც მეხანძრეებმა სტიქიის ზონიდან გასვლა ვერ შეძლეს.

ტყის ხანძრების საფრთხე იზრდება საქართველოშიც. ბოლო დღეებში უკვე დაფიქსირდა ხანძრის რამდენიმე მცირე კერა, განსაკუთრებით ალპურ ზონებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ხანძრები დროულად იქნა ლიკვიდირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ დადგენილ რეგულაციებს.

შეგახსენებთ, რომ აკრძალულია კოცონის დანთება შემდეგ ტერიტორიებზე:

ხეების ვარჯის ქვეშ,

წიწვიან და მოზარდ ტყეებში,

ძველ ნახანძრალებსა და ქარაჩაქცეულ/ქარტეხილ უბნებში,

ტყის კაფებში, რომელიც გაუწმენდავია დამზადების ნარჩენებისგან,

ტორფიან და გამომშრალ ბალახიან ადგილებში.

დანარჩენ ტყის ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ ბაქნებზეა ნებადართული. ასეთი ბაქნის მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1.5 მეტრის რადიუსში ყველა აალებადი მასალის (თივა, ფოთლები, ფიჩხი და სხვა) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სახანძრო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვება ხანძრის გაჩენა ან გავრცელება, ან თუნდაც ტყის დაზიანება/მოსპობა დაუდევრობით, იწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას, ხოლო მძიმე შემთხვევებში – თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე.