გადაუდებელი თუ გეგმიური სამედიცინო დახმარება - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, პაციენტებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო სერვისით ისარგებლონ

ჯანდაცვა

გადაუდებელი თუ გეგმიური სამედიცინო დახმარება - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, პაციენტებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო სერვისით ისარგებლონ.

პროგრამა ბენეფიციარებს გეგმიურ და გადაუდებელი მომსახურებას, 70%-დან 100-%-მდე უფინანსებს, რაც მოქალაქეების სოციალური სტატუსით განისაზღვრება. სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, ვეტერანები, შშმ პირები, სტუდენტები და სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ.

საყოველთაო ჯანდაცვის მთავარი იდეა ფინანსური ბარიერების შემცირება და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. იქნება ეს ონკოლოგიური მკურნალობა, მშობიარობა, გადაუდებელი ოპერაცია, მედიკამენტები თუ ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა. დღეს მომსახურება სახელმწიფო დაფინანსებით უკვე მილიონობით ადამიანმა მიიღო, შარშან ბენეფიციარების რიცხვი მილიონს გაცდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი ერთ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა როგორც სერვისების ჩამონათვალი, ისე დაფინანსების მოცულობა.

გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, სახელმწიფო მოქალაქეებს სხვა პროგრამებსაც სთავაზობს. მათ შორისაა ტუბერკულოზის, C ჰეპატიტისა და დიაბეტის პროგრამები, რომლებსაც პაციენტების სიცოცხლისთვის, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.