ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს

ფონიჭალა

თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N16-ში მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, რაიონის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის ყველა მცხოვრები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს.

"ფონიჭალაში დღეს დილით სამწუხარო ფაქტი მოხდა - აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. შვიდ ადამიანს ეძებენ. პარალელურად, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებებისა და სამუშაოების გატარება," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია სწავლობს.

"თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია და თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია სამუშაოებს დაასრულებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი," - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

✕