ფაქტობრივად, ორჯერ გაიზარდა ერთი პატიმრის კვებისთვის გამოყოფილი თანხა, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ხარისხიც უკეთესი იქნება - პაატა სალია

პაატა სალია

რამდენად საკმარისია ის ბიუჯეტი, რაც ერთი პატიმრის კვებისთვის არის გამოყოფილი - კითხვას ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, პატიმრის კვებისთვის განკუთვნილი თანხა, ფაქტობრივად, ორჯერ გაიზარდა.

"ფაქტობრივად, ორჯერ გაიზარდა ერთ პატიმარზე განკუთვნილი თანხა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით, ხარისხიც უკეთესი იქნება. ასევე, გარკვეული მექანიზმები გვაქვს შემუშავებული იმისათვის, რომ არ მოხდეს პროდუქციის გახარჯვა უმიზნოდ. ხშირად ხდებოდა, რომ უბრალოდ იყრებოდა პროდუქცია იმის გამო, რომ პატიმრებს არ სურდათ მათი მიღება - ზოგ პატიმარს განსხვავებული მენიუ სურდა ან თავად იძენდა პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში პროდუქტებს, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი, რომ უფრო ეფექტური იყოს თავად ამ მომსახურების მართვაც," - აცხადებს პაატა სალია.