1751399667
„ერთი თვის წინ გონება დაკარგა, ინსულტის ნიშნებით გვყავდა გადაყვანილი კლინიკაში, მეშინია ხომ არ გაუმეორა“ - რა დეტალებზე საუბრობს დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე

თბილისში, პროფესორ გიორგი გახელაძის ძებნა გრძელდება. როგორც მისი მეუღლე, ირმა მალაციძე ამბობს, მათ რამდენიმე თვითმხილველი გამოეხმაურა, თუმცა, ჯერჯერობით, დადასტურებულად არაფერი იციან.
მისივე თქმით, გახელაძეს ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა.
„ახლა ვართ „ნახალოვკაში“, პარკში თითქოს დაინახეს. კამერებს ველოდებით საქართველოს ფოსტიდან, რომ იქნებ ამოგვიღონ. მეორე თვითმხილველმა კი გვითხრა, რომ ვაკე-საბურთალოს გზაზე დაინახეს მსგავსი ადამიანი მანქანების შუაში მიდიოდაო... არ ვიცით, ამსგავსებენ თუ მართლა ის არის. ერთი თვის წინ გონება დაკარგა, ინსულტის ნიშნებით გვყავდა გადაყვანილი კლინიკაში, ძალიან ცუდად იყო. ერთი დღე მეტყველებაც წართმეული ჰქონდა და მერე გამოვიდა მდგომარეობიდან, კვლევები იყო ნორმალური და ინსულტი არ დადასტურდა, მაგრამ მაინც სიფრთხილით ვეკიდებოდით, სიგარეტსაც აღარ ეწეოდა. იმის მეშინია, ამ სიცხეში ხომ არ გაუმეორა რაიმე მსგავსმა და ამნეზია ხომ არ დაემართა," - განაცხადა ირმა მალაციძემ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, ოჯახის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, ტელეფონი კი გათიშულია.