ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც - სანდრო ელოშვილი კვარაცხელიაზე

კვარაცხელია

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელ თამაშს ეხმიანება და ქართველი სპორტსმენის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„არ ვიცი სიმართლეა თუ ტყუილი, ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ბევრი ყვებოდა და ყოველთვის ვღიზიანდებოდი, როცა ამბობდნენ რომ გერმანიაში მაღაზიებს ქართულად აწერია “გთხოვთ არ მოიპაროთ”- არ ვვარგივართ ძმაო!- უცხოეთში მრცხვენია რომ ქართველი ვარ!ხშირად მსმენია და სულ ვფიქრობ… ვინ არ ვარგოდა? პიკასოსა და დალის გვერდზე გამოფენილი ფიროსმანი თუ ენიო მორიკონესა და ნინო როტასთან ერთად აჟღერებული გია ყანჩელი ?!სუხიშვილების წინაშე ფეხზე დამდგარი ათასობით მაყურებლის შემხედვარესაც შეიძლება გრცხვენოდეს ქართველობის? თუ რაგბში, ახალ ზელანდიასთან მატჩის დროს, საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე რომ დაასახელეს, მაშინ უნდა შეგვრცხვენოდა რამის?!დიახ! მე დღეს ყველაზე ამაყი ქართველი ვარ და ამავე დროს ყველაზე მეტად ვნერვიულობ… ხვიჩაზე მეტადაც კი, რადგანაც არაფერი შემიძლია, გარდა მოლოდინისა, რომ იმ გერმანიაში, სადაც თურმე მაღაზიებში “გთხოვთ, არ მოიპაროთ” წერია, ქართული დროშა იფრიალებს გამარჯვების აღსანიშნავად!დიდი კაცია ხვიჩა კვარაცხელია… დიდი ქართველი!და იცით როდის გახდა? გოლი რომ გაიტანა?! არა! გაჭირვებისგან, სიღარიბისგან, გაუსაძლისობისგან ემიგრაციაში წასულ ქართველებზე სხვა თვალით რომ შეახედა მთელს ევროპას! იმ ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც! ამიტომაც დღეს თუ შეძლებს და ხუთ ჯვრიან დროშაში გახვეული ჩემპიონთა ლიგას ჩაიხუტებს, გარდა იმისა რომ (ჩემი აზრით) ყველა დროის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი გახდება, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიტანს იმხელა გამარჯვებას და სიხარულს, სიცოცხლის ბოლომდე რომ შეგვეძლება ვიძახოთ, მეამაყება რომ ქართველი ვარ!ამიტომაც… მიდი კვარა, მიდი! “ - წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.