ელისო ბოლქვაძემ საერთაშორისო ექსპერტს კულტურის საკითხებში, დოქტორ ღასან ხალილს უმასპინძლა

ელისო ბოლქვაძე

აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ საერთაშორისო ექსპერტს კულტურის საკითხებში, დოქტორ ღასან ხალილს უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე, აჭარაში, სამუსიკო საპილოტე სკოლის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ელისო ბოლქვაძემ, ექსპერტს, რეგიონში არსებული სამუსიკო სკოლების მუშაობის სპეციფიკა, სტრუქტურა და მათი განვითარების სამომავლო ხედვა გააცნო. მინისტრის განცხადებით, სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მუსიკით დაინტერესების გაზრდას და სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას.

ღასან ხალილის განცხადებით, სახელოვნებო მიმართულებით სწავლების საერთაშორისო სიახლეების გაზიარება და მათი ინტეგრაცია ეროვნულ პროგრამებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კულტურის სფეროს განვითარებას. ექსპერტმა მზაობა გამოთქვა კონსულტაციები გაუწიოს სამინისტროს საპილოტე სკოლის კონცეფციისა და სტრუქტურის შემუშავებაში.
დოქტორი ღასან ხალილი აჭარაში სამინისტროს მოწვევით იმყოფება. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, ასევე დაათვალიერებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები - ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის დირექტორი, გიორგი ქორქაძე.