დიპლომატიურმა მისიებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი მოწოდება გაავრცელეს - ისინი ერთობლივი განცხადებით ხელისუფლებას საქმის გადახედვისკენ მოუწოდებენ

მზია ამაღლობელი

პრემიერ-მინისტრი მზია ამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტების კითხვას დღეს პირველად უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრალდება, რომელსაც გამოძიება ჟურნალისტს ედავება მის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება. პრემიერი მზად არის საკითხით დაინტერესებულ პირებს შეხვდეს, პარალელურად კი ამბობს, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ამაღლობელის ორგანიზაციების დონორებსა და კონკრეტულ დიპლომატებს ეკისრებათ.

დიპლომატიურმა მისიებმა დღეს მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი მოწოდება გაავრცელეს. მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი 14 ქვეყნის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს და ერთობლივი განცხადებით ხელისუფლებას საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს. წერილი საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა, მასში წერია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს.

 

საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობაც. მათი ოჯახის წევრები დღეს საელჩოში პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. დახურულ ფორმატში საუბარი იყო მზია ამაღლობელის საქმეზეც.

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" რედაქტორი 12 იანვარს ბათუმში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და უკვე მე-19 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს და მის გათავისუფლებას ითხოვს. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში მკაფიოდ ვერ საუბრობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება გადაჭარბებულია.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესაბამისი ყურადღება ექცევა და პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე პროტოკოლით გათვალისწინებული ზედამხედველობა მიმდინარეობს - კომენტარი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მიხეილ სარჯველაძემ დაკავებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სოლიდარობის გამოხატვის ნაცვლად იმავე მოწოდებით უნდა გამოდიოდნენ დიპლომატებიც.

მზია ამაღლობელის საქმეს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაკავების დღიდან მონიტორინგს სახალხო დამცველი უწევს, რომელმაც დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატმა უკვე გამოითხოვა. არსებული სამედიცინო მასალები კი ლევან იოსელიანმა ამაღლობელის ადვოკატებს უკვე მიაწოდა.