დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულ სოციალურ აგენტებს შეხვდება

გაფიცვა

დღეს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება მზად არის გაფიცულ თანამშრომლებთან დიალოგისა და მოლაპარაკების რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც მზაობა მეორე მხარემაც გამოთქვა.

ჯანდაცვის სამინისტროში საინიციატივო ჯგუფთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი იმ კონკრეტული ნაბიჯებზე მსჯელობა იქნება, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ გადაიდგას.

უწყების ცნობით, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, დასაქმებულების შრომითი უფლებები და პირობები იყოს ადეკვატური და შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, იყოს ხარისხიანი.