1743537968
დღეიდან ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით ლონდონი და თბილისი დაუკავშირდნენ

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა - British Airways დაიწყო.
156 მგზავრით, A320neo ტიპის ხომალდის პირველი რეისი, გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შედგა. აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში მაღალი რანგის ოფიციალური მიღებაც გაიმართა.
ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
შედეგად, დღეიდან ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით ლონდონი და თბილისი დაუკავშირდნენ. ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ის მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.