დავით სონღულაშვილი რომში სურსათის მსოფლიო ფორუმის გახსნაში მონაწილეობდა

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართულ სურსათის მსოფლიო ფორუმის გახსნაში (World Food Forum 2026) მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2026 წლის სურსათის მსოფლიო ფორუმის მთავარი თემაა „ინოვაცია დღეს – ჯანსაღი და მდგრადი კვება ხვალ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას: ახალგაზრდების გლობალურ ჩართულობას, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებას და აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობას აერთიანებს.

„ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეცნიერებისა და ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ინვესტიციების, ახალგაზრდების ჩართულობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლს აგროსასურსათო სისტემების განვითარებაში.
დავით სონღულაშვილი ფორუმის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებსა და დისკუსიებში იღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ფორუმზე საქართველო ასევე წარმოდგენილი იქნება ღონისძიებით „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, რომელიც ქართული ხორბლის უნიკალური კულტურის, აგრობიომრავალფეროვნების წარმოჩენას და საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, მის კულტურულ და სასურსათო მნიშვნელობაზე, ასევე ტრადიციული ცოდნისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

სურსათის მსოფლიო ფორუმი 2021 წელს FAO-ს პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გლობალურ პლატფორმად შეიქმნა და მისი მიზანია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური სასურსათო სისტემების განვითარება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფორუმი ყოველწლიურად აერთიანებს პოლიტიკის შემმუშავებლებს, მეცნიერებს, ახალგაზრდებს, ფერმერებს, ინოვატორებს, ინვესტორებს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

✕