„ჩვენი უფლისმიერ განსვენებული საყვარელი ძმა იყო ღვთის საიდუმლოთა ერთგული განმგებელი და იქცა თავისი ერის ერთიანობის სიმბოლოდ“ - იერუსალიმის პატრიარქი

იერუსალიმის პატრიარქის სამძიმარი

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი, თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„მის ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, ჩვენს უფლისმიერ საყვარელ ძმასა და თანამწირველს, გეამბორებით ქრისტესმიერი ამბორით,
წინამდებარე საპატრიარქო წერილით უღრმეს სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ნეტარხსენებული მწყემსმთავრის, ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო. იგი იყო რწმენის, სათნოების, განათლებისა და ქრისტესმიერი ურყევი რწმენის ადამიანი.

ეკლესია, თუმცა გლოვობს ადამიანურად, სულიერად მაინც ხარობს აღდგომის სასოებით, როგორც ამას მოციქული ადასტურებს: „რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისანი ვართ; გინა თუ მოვკვდებით, უფლისანივე ვართ“ (რომ. 14,8) და „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი... რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი მათ, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“ (I თეს. 4,13).

ჩვენი უფლისმიერ განსვენებული საყვარელი ძმა იყო ღვთის საიდუმლოთა ერთგული განმგებელი (I კორ. 4,1) და იქცა თავისი ერის ერთიანობის სიმბოლოდ. მასზე მინდობილ ეკლესიის სამრევლოს ემსახურებოდა სიბრძნით, სიმშვიდითა და მამობრივი მზრუნველობით, რითაც იქცა კეთილი მწყემსის ნიმუშად, უფლის სიტყვისამებრ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (ინ. 10,11).

მან კეთილგონივრული მოთმინებით განასრულა სიცოცხლე „სიბერესა კეთილსა, მოხუცებული და სავსე დღეთაგან“ (დაბ. 25,8) და მოწოდებულ იქნა უფლის მიერ საუკუნო სასუფეველში, სადაც მას მოელის ,,სიმართლისა იგი გჳრგჳნი, ... უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მას, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“ (II ტიმ. 4,8).

ამ ჟამს წმინდა სიონი, დედა ეკლესიათა, ძმური სიყვარულითა და ლოცვით თანაუგრძნობს თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას და საქართველოს ეკლესიის მთელ ღვთისმსახურ მრევლს. ვევედრებით მშვიდობის ღმერთს, „რომელიც აძლევს მშვიდობას შორიელთა და ახლობელთა“ (ეს. 57,19; ეფეს. 2,17), რათა განგამტკიცოთ და ნუგეშინისცეს ყველას გულს.

ჩვენს რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს, ანთედონოსის ყოვლადუსამღვდელოეს მთავარეპისკოპოს ნექტარიოსს, კონსტანტინოპოლში ჩვენს საპატრიარქო ეპიტროპოსს.

ყოველივე ამასთან ერთად, კვლავინდებურად ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, წმინდა სინოდის პატივცემულ წევრებსა და საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მთელ კრებულს. წმინდა და ცხოველმყოფელი საფლავიდან გიძღვნით წმინდა ამბორს.

წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ქრისტესმიერ საყვარელი ძმა, თეოფილე III, იერუსალიმის პატრიარქი“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.