1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„შენი ინტერიერი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომელიც იხსენებს ბავშვობის სახლს, სადაც მის მამას, ოთარ რამიშვილს მუსიკალური სკოლა/სტუდია ჰქონდა გახსნილი და თაობებს ზრდიდა… მიხეილ რამიშვილს თავადაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული და საუკეთესო ალტისტია… მისი მეუღლე ცნობილი მევიოლინეა, ქალიშვილი ლიზა რამიშვილი კი – მსოფლიოში სახელგანთქმული ჩელისტი… მეორე შვილი, ლუკა რამიშვილი კი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია ფარიკაობაში და ოჯახურ ტრადიციასაც არ არღვევს – გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს ისე, რომ როგორც ბატონი მიხეილი ამბობს, ნოტებიც არ იცის… ასე რომ, რამიშვილების სახლში ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი მუსიკალური ინსტრუმენტია…
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან
– გიამბობთ ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე მდებარე სახლზე, რომელიც ბაბუაჩემმა და მისმა ძმამ, აკადემიკოსმა და ცნობილმა მევენახემ მაქსიმე რამიშვილმა ააშენეს. ამ სახლში ვცხოვრობდით რამიშვილები და იყო ძალიან დიდი. ისეთი კომფორტული განლაგება ჰქონდა, დღემდე მახსოვს… სახლში იყო გაერთიანებული უდიდესი სივრცის ოთახი, სადაც დიდი სტუმრიანობა გვქონდა. ასევე დიდი სამზარეულო, სადაც ვიღებდით სტუმრებს და იწყებოდა 24-საათიანი ქეიფი…
მამაჩემს ამ სახლში ჰქონდა პატარა მუსიკალური სკოლა/სტუდია, სადაც თაოებები გაიზარდნენ და მეც ვმონაწილეობდი მოწაფეების აღზრდაში.
ყველაზე კარგად რაც მახსოვს – ისეთი მაღალჭერიანი სახლი გვქონდა და ოთახებს ისეთი განლაგება ჰქონდა, რომ სიმყუდროვის შეგრძნება ყველა კუთხეში იგრძნობოდა.
როცა წამოვიზარდეთ და ინტერიერის შეცვლა გადავწყვიტეთ, ერთ რამეს მივხვდით – ისეთი კარგი გაკეთებული იყო, რომ აზრი არ ჰქონდა რაიმეს შეცვლას. ერთადერთი დეტალი შევცვალეთ. ჩვენს სახლს ქუჩის მხარეს ჰქონდა მხოლოდ აივანი და ჩვენ ეზოს მხარესაც გავაკეთეთ… იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ჩვენი სახლის საქეიფო ოთახს კიდევ 35კვ/მ ფართის აივანი დაემატა.
ჩვენი აივნის წინ თუთის ხე იყო და ზუსტად ეს აივანია, საიდანაც მამამ ჩვენი მეზობელი გოგონა შენიშნა და ეს იყო ოთარ რამიშვილის აივნიდან დანახული “თუთის ხესთან მდგომი გოგო”…
არასდროს ჩვენს სახლს დარაბები არ ჰქონია და ძალიან სასიამოვნო, სტუმართმოყვარე, ღია ატმოსფერო სუფევდა… მახსოვს, ჩემი ან მამას დაბადების დღე რომ იყო, დაახლოებით 150 ადამიანი თავისუფლად ეტეოდა. ამ ოთახში იდგა როიალი და იქ მხოლოდ ქეიფი და სმა კი არა, ცხივრების აკადემია ისწავლებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს სახლი გავყიდეთ და ჩვენ, ძმები, ცალ-ცალკე დავსახლდით. თუმცა იმ სახლზე, კავსაძის ქუჩაზე, არის მემორიალური დაფა მამაჩემის, ოთარ რამიშვილის შესახებ… “ამ სახლში ცხოვრობდა ოთარ “კვაჭიჭო” რამიშვილი”…
– ბატონო მიხეილ, როიალი ახსენეთ და გკითხავთ – ალბათ, თქვენი სახლის ინტერიერის განსაკუთრებული დეტალი იქნებოდა არაერთი მუსიკალური ინსტრუმენტი…
– ჩემი უფროსი ძმა თბილისის კონსერვატორიის ჯაზის კათედრის დეკანია და ბავშვობიდან ფორტეპიანოს ხმა მესმოდა. შოპენი, შტრაუსი იავნანასავით ჩამესმოდა. პარალელურად, რა თქმა უნდა, გიტარა, რადგან მამაჩემი გიტარაზე უკრავდა და მათი ერთობლივი შესრულებაც მომისმენია. მე კი ბავშვობაში მევიოლინეს რომ დავინახავდი, ავიღებდი ღომის საზელ ჯოხებს და ერთმანეთზე ვუხახუნებდი. ამიტომ ნიჭიერთა ათწლედში ვიოლინოზე შემიყვანეს. შემდეგ კი კონსერვატორია დავამთავრე და ერთ-ერთი საუკეთესო ალტისტი ვიყავი (ალტი ცოტა დიდი ზომის ვიოლინოა). ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ პროფესია შევიცვალე. თუმცა ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მუსიკალური მიმართულებით დიდ სიურპრიზს ვუმზადებ საზოგადოებას.
– თქვენი ძმების და მამის მუსიკალურ ცხოვრებაზე საუბრობთ და აქვე მინდა ისაუბროთ თქვენს ქალიშვილზე – ლიზა რამიშვილზე, რომელიც ჩელოს ვირტუოზია და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი… ალბათ, ჩელოსაც განსაკუთრებული ადგილი აქვს თქვენს სახლში …
– ჩვენს ოჯახში სულ მუსიკა, კლასიკა ისმოდა… ჩემი მეუღლე მევიოლინეა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრში მოღვაწეობს. მეც ალტისტი… აქეთ გიტარა, იქით როიალი და ერთი ინსტრუმენტის დამატება გვინდოდა კვარტეტის შექმნისთვის. ამიტომ როცა ლიზა წამოიზარდა, გადავწყვიტეთ, ჩელოზე შესულიყო… როცა პირველად მამამ მოისმინა, ასეთი რამ მითხრა – დაიმახსოვრე, ლიზა ისეთი მუსიკოსი იქნება, ყველა რამიშვილს გვაჯობებსო. წაიკითხეთ სრულად
ასევე წაიკითხეთ:
დაგჭირდებათ მარილი და შაქარი - რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად და გასამყარებლად
მოემზადეთ ხვალისთვის! - „აანთეთ სანთელი, ჩართეთ მუსიკა და წარმოიდგინეთ ყველაფერი რაზეც ოცნებობთ“