„ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა… ვიცოდი, რომ ეს მას მერე უნდა დამმართნოდა, რაც სანტის სახლიდან გავუშვებდი“ - სალომე ბაკურაძის პირველი ტელეინტერვიუ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ

სალომე ბაკურაძე

სალომე ბაკურაძე მეუღლის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შესახებ პირველ ტელეინტერვიუში „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუადღეში“ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ მისი მეორე ნახევარი მცირე ხნის წინ საზღვარგარეთ ყოფნისას მოულოდნელად გარდაიცვალა…

მომღერალი შვილისა და დედის შესახებაც საუბრობს.

„ჩემი ფიქრები იყო ის, რომ მე არ უნდა მომივიდეს არაფერი, სანტი უნდა გავუშვა და მერე მითხრან ყველაფერი, მერე გავუსწორო თვალი. ეს იყო, რაც მახსოვს. ალბათ, ერთხელ და ბოლოჯერ შევეხები ამ თემას, ყველა ჯერზე ამის გახსენება არის….

იმ მომენტშიც კი, როცა არ ვუშვებდი იმას, რომ ეს ჩემს თავს მოხდა, მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი… მე და ლაშას დედა ერთად ვიყავით, ვუყურებდი, ისე ცუდად იყო, ისიც არ იღებდა ამ ყველაფერს დიდხანს… ჩვენ გვერდზე მყოფი ადამიანები ცდილობდნენ, რომ ილუზიაში არ ვყოფილიყავით…

ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ამ საშინელ გარემოში იყო ჩემი შვილიც, სანტიც. მინდოდა, როგორმე ის სახლიდან გამეშვა და ამას ვაკეთებდი…

ჩქარა, სანტი წავიდეს სახლიდან, რომ მერე რაც უნდა დამემართოს, ბოლომდე გაგიჟება, ბოლომდე ისტერიკა, რომ მერე დამემართოს და არა იმ წამს, როცა… შევეცადე, რომ მეკონტროლებინა და ეს გადამედო შემდეგისთვის, როცა სანტი აღარ იქნებოდა ოთახში…

ზუსტად არ ვიცი, ბოლომდე მიღებული მაქვს თუ არა, მაგრამ ვცდილობ, თვალი ბოლომდე გავუსწორო, პრაქტიკულ რეჟიმზე გადავრთე გონება, მაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რასაც უნდა დამივყვე. ბევრად დიდი მოვალეობები და პასუხისმგებლობები გამიჩნდა. ზოგადად, არ ვარ პრინცესა გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ხელით აქვს მორთმეული ყველაფერი, მაგრამ ლაშამ ბოლო წლებში ისე უმტკივნეულოდ გადაიბარა ბევრი მოვალეობა, უამრავი რამ აიღო თავის თავზე. ლაშას მეგობრები გვერდით მიდგანან, ჩემი მეგობრებიც, ოჯახის წევრებიც, მაგრამ არის პასუხისმგებლობები, რაც მხოლოდ ჩემია და ისე უნდა მივყვე, რაც მოცემულობაა, სხვა გზა არ მაქვს. დედაჩემი ჩემი ძვირფასი მეგობარია. დედა არის ის ადამიანი, რომელმაც მომიძღვნა მთელი ცხოვრება. მეც 9 წლის ვიყავი, სანტისნაირად, როცა მამაჩემი გარდაიცვალა და დედაჩემი დაგვრჩა მე და ჩემს დას. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს განათლებას, წარმატებას…

დედაჩემი არის გმირი, რომელმაც მიუხედავად ყველა პრობლემისა, ფინანსური თუ სხვა სახის, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე მემღერა, ფეხზე ვმდგარიყავი, მქონოდა ის პირობები, რომ ლაღი ბავშვობა მქონოდა, როგორც შესაძლებელი იყო. მადლობა მაგარი დედეობისა და ადამიანობისთვის…

ჩემი სალომე ბაკურაძე ბევრად უფრო ღრმა და მელანქოლიური ადამიანია, ეს პოზა არ არის, ეს არის იარაღი, რომელიც პირველ რიგში, ჩემი თავისთვისაა და შემდეგ, იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც მინდა ჩემი წილი სითბო და სიხარული გავუზიარო, ამიტომ რომც არ შემეძლოს, შევეცდები, გავიღიმო და ფეხზე დავდგე.