ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 169 ლარია - „საქსტატი“

ხელფასი

2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია.

მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.9%ქალი იყო, ხოლო 56.% - კაცი.

ამასთან, როგორც სტატისტიკის სამსახური განმარტავს, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.7 % მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.7% - საშუალოზე, ხოლო 35.5 % - მცირე ბიზნესზე.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 718.9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4.776 მლრდ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი).

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 169.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 184.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 711.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 152.3 ლარით).