1793867915
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და საჩივარი საერთოდ დაუშვებლად გამოაცხადა, რადგან ჩაითვალა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია არ იყო შესადარებელი კატეგორია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიმართ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა.
საქმე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის დაფინანსების გამოყოფას ეხებოდა. მომჩივანი ორგანიზაციის მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მხოლოდ ეპარქიისთვის გამოყოფა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა.
როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განმარტა, ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და საჩივარი საერთოდ დაუშვებლად გამოაცხადა, რადგან ჩაითვალა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია არ იყო შესადარებელი კატეგორია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიმართ.
„დავის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. სამართლებრივი არგუმენტები, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ისტორიულ-კულტურული დამსახურებული როლი სახელმწიფოს წინაშე და მეორეს მხრივ სრულად უზრუნველყოფილი არის რელიგიის თავისუფლება და თანასწორობა.
მომჩივანი ამ შემთხვევაში მიუთითებდა კონკრეტულად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფის თაობაზე. თუმცა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და საჩივარი საერთოდ დაუშვებლად გამოაცხადა, რადგან ჩაითვალა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია არ იყო შესადარებელი კატეგორია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიმართ, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული 55 ეკლესია-მონასტრის მოვლა-პატრონობაზე, რომელსაც ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და მეორეს მხრივ, ანალოგიური სტატუსის მქონე ორ მეჩეთთან მიმართებით ვერ დაადასტურა რაიმე სამართლებრივი კავშირი და განსაკუთრებით ის, რომ მათ ჰქონდათ აღებული პასუხისმგებლობა ამ მეჩეთების მოვლა-პატრონობაზე. შესაბამისად, საჩივარი საერთოდ დაუშვებლად გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია ერთის მხრივ, მართლმადიდებლური ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი და მერეს მხრივ, რელიგიის თავისუფლება და თანასწორობა“,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.











