1745440671
„ბებიამ ტაფა ჩამარტყა თავში... მოხუცის ქალიშვილი დანით გამომეკიდა...“ - ქართველი ემიგრანტის მძიმე ისტორია იტალიიდან

იტალიაში, მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ირა სოფრომაძე „პრაიმტაიმს“ იმ მძიმე ყოფის შესახებ უყვება, რომელიც მას ემიგრაციაში მომვლელად მუშაობისას შეემთხვა.
„მე მქონდა შემთხვევა.
ყველამ იცის — ჩემმა ახლობლებმა. შუაღამე იყო, 27 დეკემბერი. სუსხიანი, ყინვიანი საღამო ფლორენციაში. ბებიას მთვრალი ქალიშვილი დანით გამომეკიდა. მიზეზი ის იყო, რომ ბებიას მომვლელი არ უნდოდა და ჩუმად რაღაცეებს ეუბნებოდა ჩემზე — თავის ქალიშვილს. რა თქმა უნდა, ტყუილს.
იმ საღამოს მომიგონა, თითქოს ვახშამი არ გავაწყვე. თურმე მთვრალი ყოფილა, წამოავლო დანას ხელი და გამომეკიდა. მოვასწარი ქურთუკის ჩაცმა, ტელეფონი ხელში მეჭირა. ოთახის ჩუსტებით გამოვვარდი გარეთ. კიბეზე ფეხით დავეშვი, ის — ლიფტით. მაგრამ მაინც მოვასწარი ქუჩაში გასვლა.
არ მახსოვს, რამდენ ხანს ვირბინე. მელანდებოდა, რომ მომდევდა. მერე სადღაც სადარბაზოში შევვარდი… და აღარაფერი მახსოვს, სანამ ხმები არ ჩამესმა — ცოცხალია, სასწრაფოს დავურეკოთო.
მახსოვს, მოვიდა სასწრაფო. გაყინულია მთლიანად, გული ცუდად აქვსო — თქვეს. გამათბეს. მაგრამ როცა გაიგეს, რაც მოხდა, გადაყვანა აღარ უნდოდათ. იქნებ ადგილზე მოვიყვანოთ მდგომარეობიდანო, — თქვეს. მაგრამ იძულებული გახდნენ — გულის მდგომარეობის გამო — გადაეყვანათ. მერე ელექტროშოკით გამომიყვანეს მდგომარეობიდან.
მერე რა მოხდა?
მხოლოდ ერთი კვირა იყო, რაც მუშაობა მქონდა დაწყებული. ხელშეკრულება ჯერ არ იყო გაფორმებული. იმ ღამით ჩემი ტელეფონი დამრჩა — საუბრის ჩანაწერით. მეორე დღეს კი ის ჩანაწერი ტელეფონიდან გაქრა.
სატენი არ მქონდა და ექთანს მივეცი დასატენად. რა ბედი უნდა? იმავე საავადმყოფოს იმავე განყოფილებაში მოვხვდი, სადაც ის ქალიშვილი — რომელიც გამომეკიდა — ექთნად მუშაობდა. მეორე დღეს ტელეფონიდან ყველაფერი წაშალეს. ვერაფერი დავამტკიცე.
მის ვაჟს მოვასმენინე ჩანაწერი, დილით რომ მოვიდა სანახავად. გაგიჟდა. გვაპატიეო, — მითხრა. მაგრამ მერე უარყო — როცა ჩანაწერი წაშალეს. არაფერი მომისმენიაო. ასე რომ, ვერაფერი დავამტკიცე.
მას შემდეგ დამრჩა გულის პრობლემები. მერე ოპერაციაც დამჭირდა.
სხვა მძიმე შემთხვევაც მქონდა, ახალი ჩასული ვიყავი. როცა ბებიამ აიღო ტაფა და ჩამარტყა თავში. ერთი თვე გათიშული ვიყავი, ძლივს მოვედი გონს.
კიდევ იყო ერთი შემთხვევა, როცა ზურგიდან დამარტყა და კედელს მივენარცხე.“, - გვიყვება ირა სოფრომაძე.